გურამ დოჩანაშვილი - / იქამდე - თავი I / - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

in #georgian6 years ago (edited)

იქამდე

მონადირეს შეეშინდა და ლელიანში გაწვა, თან ფრთხილად იცქირებოდა. იმ ადგილებში, სადაც სანდრო ხელმეორედ მოხვდა, ბევრი მაღლივი სახლი დაედგათ, ადრე კი ფიჭვნარი იყო. ძველი ეკლესიაც წიწვნარში იდგა, იქ იძინებნებდნენ და იღვიძებდნენ, კარგი იყო. არსებას ადამიანის ტანზე არწივის სახე ედგა, განზე მძვინვარედ ექცია თავი, და მონადირეს უცნაურად აშინებდა-იცოდე, წავალ, არ მოვბრუნდები. წასულიყო რა, მაგრამ ძალიან ქვურად ჩამოეძერწათ, მნიშვნელოვანი იყო. იმ ადგილებში ჯერ ოცი წლისა მოხვდა, მერე კი ოცდაცხრა წლის შემდგომ და გაკვირვებულმა გაიფიქრა-ერთი ამდენიც და, აღარც ვიქნები. არადა, ეს ამდენი წელი საკმაოდ უცებ გავიდა, თუმცა გზადაგზა მუდამ ხვდებოდა რაღაცები, ცუდიც და კარგიც. ცუდი,რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი, რადგან ადამიანიიყო ისიც და კარგს უნებურად ვერ ამჩნევდა. მაგრამ თუკი მიუხვდებოდა, დაფასება იცოდა
დღევანდელ უშნო სახლში ცხოვრობდა, მაგრამ თავიდანვე ძალიან უყვარდა იხა, გინდა ძველი და მიწაში ნატეხად ნაპოვნი და გინდ ახლად გამომწვარი და უგემოვნოდ მოჭიქულიც კი, რადგან წიაღით რაღაც ღირსეულ რასმეს აგონებდა. უბრალო, მგრამ შემძვრელი მიხვედრა იყო – კიდევ ოცდაცხრა წელი და, ნამდვილად აღარ ვიქნები, არადა, ის წინა ოცდაცხრა რა უცებ გავიდა. ამიტომ ბუნებრივად მოუნდა, რომ რაიმე ღირებული უნდა მოესწრო, მაგრამ რა? მაინც რა... ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს ხოლმე, რაა კარგი და ცუდი, ანდა მართალი და არასწორი, და ნეტა რა უნდა მოესწრო?
მაგრამ სურდა რაღაც.
ხანდახან ისე ძალიან სურდა, ხელებს გამეტებით იქნევდა, მარტო თუ იყო. მაგრამ ხელების ქნევა რას უშველიდა აფორიაქებულ მასში დიდი – დიდი, სისხლის უფრო სწრაფ მიმოქცევას, არსებები კი მხოლოდ მაშინ ეცხადებოდნენ, მიბლანტებული თუ იყო. ამიტომ სანდროს უნებური გაყუჩება სჩვეოდა და საერთოდაც ხშირად მარტოვდებოდა, მაშინაც კი, როდესაც სხვა ადამიანებთან ერთად ვითომ ზეიმობდნენ რაიმეს. მხოლოდ მაშინ ორ, სამ და ბევრდებოდა, მელნის საყდარით, ბნელი კალმისტრით თუ ძნელ სითეთრეზე მიბორძიკობდა, მაგრამ ეს შიგადაშიგა ჩვევა მისთვის თან ძნელი და რაც მთავარია, საეჭვო იყო – უფლება, ჰქონდა? ერთი შეხეხდვით, რატომ არ ჰქონდა, უნდოდათ და, გამოუმზეურებდნენ, პასუხისმგებლები ვითომც სხვები იყვნენ, მელნის საყდარით, მაგრამ იცოდა, რომ პასუხის მგებელი მხოლოდ თვითონ იყო; იმაზედაც კი, რაც მხოლოდ გაუფიქრია, არამცთუ სხვებისთვის თავსმოსახვევზე, თიხის მეუფედ კი რაღაც მყარი საგანი იყო, ამომკაწვრელი, კარგად ვერ ახსოვდა. აბა, რასა ჰგავდა ეს:
-რა ქენი, როგორ მოიარე.

  • ლევიკო თუ ნახე.
  • არა, სამტრედიაში იყო წასული.
  • რატომ?
  • რაღაც საქმეზე.
  • შენ რა გითხარი,
    ნუთუ ესენიც სიტყვები იყო, სოველი და ხაოიანი ენითა და ხორხით და ბლაგვი ტუჩებით გადმოფანტული ბგერები, წვდომის მასალა და, სიტყვები, რომლებიც წარმოთქმისა და ქაღალდზე გადმოტანის გარდაც, ფიქრებშიაც წამდაუწუმ რაღაც არეულად, მაგრამ ბუნებრივად დგინდებოდნენ. შიშით გარინდული მონადირე კი თავსშიდა სითეთრეში – ურმახ! - და ნაოჭები უნაცრისფერდებოდა, რადგან არსება, რომელსაც პოხიერი ტვინით მიჯაჭვოდა, გაცილბით საშიში იყო, ვიდრე ლომი – ურმახ: რადგან მისივე მოდგმისა იყო, ოღონდ ცივ წყაროს გემრიელად სვამდა, რა დიდი მიხვედრა ამას უნდოდა, სწყუროდა, ალბათ, მაგრამ წყურვილი იქ უფრო იყო, უხმოუყუიუ სიტყვებით მავედრებელი, როდესც სწვავდნენ, როცა ოთახში ვეღარ დატიეს და სანდრო იძულებული იყო ისე ნაჩვევი ფურცლების დასტა, აჭრელებული, გადაწერილი, გადაბეჭდილი, დასტამბული და მოკლედ, ნახმარი, უმაქნისი აწ, იქვე ეზოში შეღამებულზე რომ გაეტანა და ცეცხლს მისცა მერედა რითი – წუმწუმაა თუ რაღაც ოხრობა, მართლა ოხრობას რომ ეძახიან, იმით;ეს ამდენი ხნის ნა, ლო, ლი, ავები – არა, ქვემო სიტყვაა ლოლიავი აქ, თითქოს მორჩილი მაგრამ ყოველივეზე მეტად ჯიუტი, მისი ქაღალდი, ეს მისი ქაღალდის დასტა უგანგაშო და ჩუმი ტანჯვით ნელა იწვოდა აქ; იწვოდა, ვინაც უჯიუტა და უერთგულა, ვინც, ისეთი სიმწრით ასამეტყველებელი, ისეთი სიმწრით, თავზარს დაგცემდა წინასწარ რომ გცოდნოდა, მაგრამ ყოველთვის ერთგული იყო – სიმარტოვისას, ისაა და შენ, და სიერთგულით ისიც ისევ მხოლოდ “შენ“ იყო, თითებქვეშ მორჩილად გედო, შენ იცოდი და შენმა კაცობამ, ახლა კი, სადღაც სტამბაში სულ მთლად უშენოდ სხვების ქაღალდზე გადაიტანეს, ის კი,სადღაც სტამბაში სულ მთლად უშენოდ სხვების ქაღალდზე გადაიტანეს, ის კი, ერთგული, თავდაპირველი, ოთახში დარჩა, სანდრომ გაიტანა და, უმადურმა, ცეცხლს მისცა და მერედა რითი – ერთი ასანთის მესამოცედით, იმ ასანთისა, კაპიკი რომ ღირს, და მაშინ ჯერ მხოლოდ მცირედი სინანულით დასცქეროდა თუ, როგორ იწვოდა ადრე მისი აქეთ დამმწვავი, ოღონდ ნებსითი, ამორჩეული, დროებითი და, ისიც, სწვოდა, უიმედოდ ცეცხლს მიცემული, ბაცი ჟრიალით მუქდებოდა და იჭმუჭნებოდა, ცალი მხრივ თრთოდა, და ისევ მისით, ისევ ქაღალდით აღზევებული წუმწუმის ალი აჭკნობდა, აშმუშნებდა, და ჯერ დაუშლელ, მიმოკრუნჩხულ პირვანდელ ფერფლად თუმც წყურვილობდა, ალა – თან ცუდად დაიბზარა დაღამის ჰაერში ატივტივებულ, ციმციმით მოფარფტე მის ნაწილაკებს, აბჟუტებულებს, ნავლშერჩენილებს, ეჰ, რომელიღაც ძნელ ყოფილ სიტყვებს საითკენღაც განიზავდა მხურვალება, დაბლა კი, შავად მწყურვილე დასტაში, უცებ დახრილი და საკუთარ უმადურობას მიმხვდარი სანდრო ძლივას არჩევდა რაღაც ნაფლეთებს -...რალეთ...რისას...წი..., და გაიმართა, მოიბუზა, პირი იბრუნა, იდგა, და იდგა, და მერეც რომ დახედა, ძლივსღა ხრჩოლავდა ნაქაღალდარი, ვეღარც სწყუროდა ალბათ, რადგან სხვა იყო, - ფერფლი, მერე დღისითაც შავ ლაქად იდო, ქარმა გარეკა, გამორეკა, ნაცეცხლარად კი მაინც მოჩანდა, ხოლო როდესაც წვიმა მოვიდა, ისიც წაიღო, თითქმის წაშალა, მაგრამ რაღაც სახება მაინც მოჩანდა საკმაოდ დიდხანს, ეს დიდხანს, მაინც რაღა სიტყვაა, ყველაზე სულელური ალბათ, ეს მაშინაც კი იცოდა სანდრომ, მონადირესაც აკი ეგონა რომ მისნაირი, ურმახზე საშინელი, წყალს დიდხანს სვამდა, მაგრამ სრულებითაც არა, იმან წყალი სვა, სვა, სვა, და წავიდა.

ზლაზვნით, ტაატით მიაბიჯებდა, არც ცა ჩანდა და არც გადასაკარგავი, ჯერ აარც მიწა იყო და სულაღაარც წყაოი, სანდრომ ორი ჭიქა „კრემ – სოდა“ ჩამოასხმევინა თეთრხალათიან გამყიდველს და ერთი ჭიქა თამრიკოს გაუწოდა.
სვამდნენ.
თამრიკო სვენებ – სვენებით წრუპავდა ლაღიძის კარგ, სეროფით გაუმჯობესებულ შუშხუნა წყალს, სანდრომ კი ორი სწრაფი მიყუდებით გამოცალა ჭიქა და ცოტა არ იყოს, ეუხერხულა. თანაც, ისე ძალიან არ სწყუროდა, რამ დაახარბა, შორეული კი, მეტისმეტი შეწუხებით თავზარდაცემული, ძალიან აწრიალებულ შიგანს ჩაშავებული ფრჩხილებით ვერ სწვდებოდა და გარედან იხოკავდა ყელს, მკერდს, მუცელს, თან უღრუბლო ცას თვალს ვერ აშორებდა, ეს მას შემდეგ, რაც, სქელი ფრჩხილებით ამოთხარა ბევრი ნაგუბარი,

  • კიდევ დავლიოთ?
  • მე აღარ მინდა.
  • ხომ არ გეჩქარებათ.
  • არა, სად... - შეკრთა გოგონი.
  • მაშინ მე ავიღებ, - „კრემ – სოდის“ ქვითარს გულისხმობდა, სალაროსთან კარგა რიგი იდგა, სანდროც, ჩადგა და თამრიკოს ვითომც იმედიანად გამოხედა, მაგრამ შეძრულ პირისახეზე დაწრეტილი ღიმილი ედო, შორეულმა ერთიც ღრმული რამ იპოვნა, ძლივას არჩევდა, რადგან წყურვილისაგან თვალებშიც კი დშრეტოდა სისოვლე და მტვერი გადაჰკვროდა, იმ ღრმულში ჩაჰყო ხელისგული, ფართოდ დაადო, ნოტიო ჩანდა თითქოს მიწა და შეძრულმა მოთხარა, ხახაში ჩაიდო, ცოტა ეგრილა და გაბმით ზმუოდა, სანდრო მესამე ჭიქას უკვე არხეინად, ნება- ნებაზედ სვმდა, თამრიკოს მშვიდად, კეთილად შეიხედა, იმანაც გაუღიმა, პროსპექტზე გავიდნენ,
  • საით წავიდეთ?
  • საითაც გნებავთ.
  • კი? აქეთ ხომ არა? მანდეთ? რატომ არა, კი,
    და მარცხნივ გაუხვიეს, სინედლე ეცოტავა თუ ემადლიერებოდა, თავადაც არ იცოდა, ვერა ხვდებოდა, ალბათ ორთავე რამ ერთად, ისე კი, გაბმით ზმუოდა, თვალებში მიწა რომ არ ჰქონოდა დიდ ქუთუთოებს დახუჭავდა და ისე იზმუვლებდა, პირიც მიწითვე ჰქონდა სავსე, ძლივს აბრუნებდა დახეთქილ ენას,
  • არა, არა, აქეთ წავიდეთ, - თქვა უცებ სანდრომ, შემოაბრუნა, იდაყვთან შეავლო ხელი.
  • სად მანდეთ... - ისევ შეკრთა გოგონი.
  • მაღაზიაა აქ ერთი და...
    ჭირი, ჯანდაბა, წინადღითაც არ უგემნია რაიმე ძალიან ან მწარე, ან მლაშე, ან ტკბილი, ასე რამ აღერღა, თავადაც ვერ გაეგო, გამწარებული ფრუტუნებდა შორეული, ხახის დაბზარულ ნაპრალებში ჩარჩენილი მიწის მოცილებას ხაოიანი ენით ლამობდა.
  • თქვენ არ შემოხვალთ?
  • მე, რატომ... არა.
  • ახლავე, წუთში...
    მაღაზიაში სწრაფად შევიდა და თქვა:
  • ერთი ჭიქა ბორჯომი... არა, ერთი ბოთლი.
    „ბორჯომი“ კარგი იყო, ხახაში თუკი რამ ზედმეტი ჰქონდა, წიწკვნით აშორებდა, თავიც გადახარა ერთ – ერთ ყლუპზე და შეიჯანჯღარა, დაუამებელ ყელზე ისვამდა ხელს, თამრიკო შეშინებული უმზერდა მინის იქიდან, შორეულს ნეტარებისგან აძიგძიგებდა, რადგან ძალიან აწვიმდა და თავაპყრობილს წვიმისათვის ნდომით, ფეხისწვერებზე დაჭიმულად შემდგარს მიეშვირა ხახადაღებული სახე, დიდი ამბავი თუ გწყურია და სვამ, თუნდაც წყურვილი იყოს არა ბუნებრივი,
  • ბევრი გალოდინეთ?
  • არა.
  • საით წავიდეთ? - რატომღაც ვითომ იხუმრა: - ქვეყანა დიდია.
  • მე მეჩქარება.
  • მიგაცილებთ.
  • ჰო.
    ძალიან თეთრად და მდოვრედ წვიმდა, სითეთრე იყო იქამდე რომ, მზერას აგიმღვრევდა, შორეული ძლივსღა ახელდა ნაცრისფერ თვალებს, მთელი სხეულიც მოთენთოდა, თვალებივით ელულებოდა, და ტუჩებით ისევ დასწვდა მოყავისფრო ცას, კვლავ შეითავისა წვიმასავით ნეტარება და მერე, გახარებულმა, პაწია ენით ვეღარ მოიძია ენისშემშლელი არაფერი და უცებ თქვა: “დე – და“,
    სანდრო ამჯერად ოდნავ მოშორებით, სხარტ ოფიცერთა სახლთან შეჩერდა, თქვა:
  • ერთი წუთით,
    და იქვე მდგარ შადრევანს ისე დიდხანს და ძალიან დაეწაფა, რომ რო გაიმართა და მიმოიხედა,თამრიკო აღარ იყო. დიდად არ გაკვირვებულა, წავიდა და წავიდა, რა მოხდა მერე, დიდი ამბავი დღეს გაცნობილმა რომ ვერ გაგიგოს, შინ ავიდა და, გაუღეს კარი,
  • ვინმეს ხომ არ ვუკითხივარ, დე...
    რამოდენიმე კვირის შემდგომ კი, როდესაც ცხრამეტისა გახდა და ზედ თავის დაბადების დღეს ბაღის ძალიან ბნელ კუნჭულში აღმოჩნდა, ოღონდ თამრიკოსთან ერთად ზურგიან მერხზე მიყუჟული, და როცა სწრაფ – სწრაფი თუ გაბმული კოცნებით ბლომად, სქელი ჯემპრის მიღწევა მაინც სამჩნევ კერტზე წვდომის ტუჩებით ეფერებოდა, მაგრამ მატყლის ნამცეცი შეჰყვა და მკერდიდან სახე მოაცილა, გახევდა, ენისწვერით მოიძია ჯემპრის ნამცირალი, ხოლო თამრიკომ პირველად ჰკითხა:
  • რა იყო იმ დღეს, რამ გადაგრია.
  • რომელ დღეს.
  • აი, მთელი თბილისი რომ დალიე.
    ამაზე სანდრომ თუმც გულუბრყვილოდ უპასუხა:
    -რა ვიცი, აბა.
    მაგრამ ცოტათი იცოდა.
    მონადირის მამაც ორმოცდაცხრისა იყო მაშინ და ბოლო ხანებში მოწყენილობას ერთბაშად მიხვდა და გამოცოცხლება თითქოს უკვე გვიანი იყო, მაგრამ არა, რატომ – მეზობლის ქალი ვითომ ეზოში საქმიანობდა, მაგრამ მონადირის მამას ხანდახან გუდასმით გამოხედავდა. მონადირის მამა თავისი საცხოვრებლის ერდოზე ფეხმორთხით ყუთში არის იჯდა, დაშორებულ მუხლებზე დაებჯინა გაჭიმული თითები, გამართულიყო და ეამაყებოდა, მეზობლის ქალს მისადმი ლტოლვა რომ ჰქონდა. ნიკო ორმოცს რომ გადასცდა, მერეღა მიხვდა, დაახლოებით რა იყო ქალი, მონადირის მამაც, რომელსაც ადრე სქელ დედაკაცებთან ერთბაში დატაკება სჩვეოდა, ახლა სხვაგვარდ ირჯებოდა, კარგახნის განგები უყურადღებობის შემდგომ გულისგამჭოლი, ბასრი თვალებით შეხედავდა თუნდაც ამ მეზობლის დედაკაცს, ისიც, ლხვებოდა და იძაბებოდა, მერე კი, მონადირის მამა თავზე რომ დაადებდა მძიმე ხელს, ნელი მუხლმოკვეთით ეშვებოდა მიწაზე ქალი, მასმიყოლილი მონადირის მამა კი დინჯად, ბოლომდე ჩაუცურებდა უხვ თმაზე ხელისგულს, მერე პეშვით ნელინელ აუწევდა და როცა კეფასთან შეუგროვებდა, როცა დიდ მუჭში გამოიმწყვევდა, ხშირს ისე, - თიხასავით ბღუჯას, მთელი არსებით ზმუოდა ქალი, ოღონდაც მხოლოდღა თვითონ ესმოდა ზმუილი ესე, მონადირის მამა კი, ვინც არ იცოდა ამბორი და კოცნა, სამაგიეროდ, კარგად უწყოდა სმა, დედაკაცს სვამდა,
  • დავუჯერებდი, - უთხრა ნიკომ, - ორმოციოდე წლით ადრე რომ დაეწერა კრეიცერის სონატა.
  • ვისა, ტოლსტოის?
  • არა, - მე, - გამოაჯავრა ნიკომ, და მოწიწებით დაამატა, - მაინც მხეცია,
    ახლა კი, მეზობლის მსხვილი დედაკაცი ეზოში ქვებს რომ აგროვებდა, დახრილიყო და, ზომას მიმართა, ჩვეული ბიძგით რომ გამოიგდო ღია უბიდან ცალი დიდი ძუძუ, სხვა რა გზა იყო, გაღვივებული შეწუხებისგან, წამოდგა კიდეც მონადირის მამა, მივიდა კიდეც მეზობლის დედაკაცთან, და წადილიანი ხელიც რომ წაიღო კიდეც მისკენ და, მოესმა კიდეც:
  • მამიი, მამი!
    მეზობლის მსხვილმა დედაკაცმა უკმაყოფილოდ ისევ უბეში შეინახა ჩამომძიმებული ხორცი, სანდროს დაბურძგლა, კრიჭა შეეკრა მონადირის მამას, ერდოზე ძველებურადვე დაჯდა, ოღონდ შორ -შორა მუხლებზე ახლა იდაყვები ჩამოედო და ხელის მტევნები მუხლებშუა ჩამოჰკიდნოდა, პირზე წყალი შეისხა სანდრომ, დილა იყო მშვენიერი, კი მაგრამ რას დაგიდევდათ, შინაურული, მაგრამ ისეთი შეუფერებელი სიტყვები ესმოდა:
  • მაამი, მამი! - ქვემოდან ევედრებოდა მონადირე, - ეს რა ამბავია თუ იცი ჩემ თავს შენ, - და ამრეზილმა სანდრომ კბილების ჯაგრისისაკენ წაიღო ჯაგრისისაკენ წაიღო ხელი, - მაგრამ სანდრო თითებით ჯაგრისებიან პლასტმასის ჭიქას წამოედო, გადმოუვარდა, მონადირის მამაც შეჭმუხვნილიყო, ცალი ხელით საკუთარ ნიკაპს ჩაფრენოდა, მეორეთი კი ზედა ტუჩს და კრიჭაშეკრული, პირის დაღებას ასე ლამობდა,
  • რა არსებაა,- იკითხა მეზობლის ქალმა, მაგრამ მონადირეს არც გაუგონია, იმ თავის მამას ქვემოდან აჰყურებდა.gol.ge./
  • სულ მინდორშია, სულ, ხარებთან ერთად ძალიანი სვამს წყალს,სულ წყაროს წინ უწყვია თავისი ფეხები მას იქ, _ სანდრო სააბაზანოში თუმცა დახრილიყო, მაგრამ სივიწროვისაგან თავს ჯეროვნად ვერა ხრიდა და ჯაგრისს იატაკზე ხელისგულების სათუო, ბრმა ფათურით ეძებდა,
  • ისე ძალიან შემეშინდა, მამავ-ბატონო, ისე ძალიანი, ახლოსაც ვეღარ მივეკარე მას მე იქ,
    გამწარებული მონადირის მამა ისე ცდილობდა პირის დაღებას, ტუჩ-ნიკაპიდან სისხლი სდიოდა,
  • რაც კი დავთხარე მე თხრილები იქ, სულ ამოავსო მან ისინი იქ, ხაფანგები სულ დამიმტვრია და გამიფუჭა ამით რასაკვირველია, მთელი პირუტყვი და ნადირი და ოხერი გამომაცალა ხელიდან მან მე,
    ჯანდაბასა და ოხრობას კბილის ჯაგრისის თავი, სანდრო სწრაფად გამოვიდა სააბაზანოდან და თაროსთან მივიდა, იქ კი თიხის სურა იდგა თიხური, გრილი, და, იმ მონადირის მამასაც ეშველა:
    „განახვნა მამამან ბაგენი, ამეტყველდა,
    ასე ეუბნება მონადირეს:
    ურუქ – ქალაქში“,
    თიხა იყო უბრალო და მშვენიერი, და მკაცრზე უფრო მკაცრი, და შორეულზე უფრო შორეული,
    „ურუქ-ქალაქში მკვიდრობს გილგამეში,
    არავინ უვის თავისზე ძლიერი“,-
    მეტყველებდა მამა,
    „მტკიცეა ძალი მისი ამ ქვეყნად,
    ანუს ლაშქარივით განმტკიცებულა“,
    თვალები მაგრად დაეხუჭა სანდროს, თიხურს ისმენდა, მეზობლის ქალსაც სულ მივიწყნოდა ქვები,
    „წადი, ურუქისაკენ იბრუნე პირი,
    ამცნე ამბავი იმა მოყმისა“,
    რა სურა იყო მაინც, სანდროს თითების იმ შემოჭდომას როგორ უძლებდა, განხვნილი ბაგით, როგორ მეტყველებდა მონადირის მამა,
    „როსკიპს მოგიჩენს, თან წაიყოლე,
    ველურს გახედნის ძლიერი მამრივით“,
    ტელეფონი რეკავდა, და კარის ზარიც, ვიღაცაც დიდ ჯოხს ურტყამდა ქვეშაგებს, და მეზობლის ქალსაც დიდი შემურული პეპელა დასჯდომოდა მხარზე, რას გაიგებდა, თვალებდახუჭული,
    „ოდეს ველური ჯოგს წყალთან მიიყვანს,
    შემოიძარცვოს ქალმა სამოსელი,
    გამოაჩინოს სიმწიფე თვისი“,
    და უცებ სურა შეატყდა თითებში, თვალები სიმწრით დაახილა, მაგრამ მაშინვე მიხვდა, - კიდევ უკეთესი! -და ცოტათი აბზინებულ გადანატეხს მიადო თითი, თითებიდან კი სისხლი სდიოდა, სისხლი გადასდო, გადანატეხით მიიღო ყელზე, ისევ დახუჭა თვალები და, ისევ მოესმა
    „შეხედავს ველური, მიუახლოვდება,
    ჯოგი ზურგს შეაქცევს,ველებზე გაზრდილიჩ“.
    თვალებდახუჭული, გრძნობდა რიმ, თიხა იყო... თიხა იყო მშვე, ნი, ეერიი და...
    რა მითი, რის მითი, გაბრაზებულმა გაახილა თვალები, მტკივან თითებზე მაგრად გადაიხვია ცხვირსახოცი, ფანჯარასთან მივიდა და იმ თავისი სახლის მეშვიდე სართულის სიმაღლიდან გადაიხედა, დილა იყო, დილა იყო და,
    კაცი მიცუნცულებდა ქუჩაში ერთი, დაბალი და კოხტა, მიდიოდა ჰეჰ - ადვილი ლექსივით: ხელფასი-ხელზე ასი, იქაც შვიდასი, არაუშავ რა, ადვილი სწამდა, ძბელი პირიქით-არა სჯეროდა, ნაღდი უნდოდა, ძველ ამბებს მტერობდა, და განრისხებული სანდრო იმას დასცქეროდა და მიმართავდა:
    ურუქის ზღუდეზე ადი, გაიარე,
    საფუძველი განჭვრიტე, აგური მოსინჯე,
    და პატარა კაცმა თითქოს უსმინაო, შედგა, მაგრამ ჯიბის საათი ამოიღო, დახედა, მერე შეაჯანჯღარა და ცქვიტ ყურზე მიიღო, ისევ დახედა, ჯიბეზედ შეინახა და ისევ გაცუნცულდა, და მთელი მისი სხეული, თავი, მოკლე ნაბიჯი, მთელი არსება - „გილგამეში არა, ტოროლა“,
    და იმის ბნელ ზურგს უხმო ღრიალით დაჰყვიროდა სანდრო:
    განა აგური გამომწვარი არ არის?
    განა შვიდმა ბრძენმა არ ჩაუყარა საფუძველი?, -
    ყეყეჩო, ბრიყვი,
    რა მითი, რის მითი, არამედ, -
    იყო!
    მაგრამ ყოველთვის ასე არ გახლდათ.
  • ეჰ, სიყვარული აღარ არსებობს, - აღნიშნა, ნიკომ, - ეჰ, სიყვარულზედ აღარ სტირიან.
    დაღამებულზე, სამნიღა ისხდნენ პატარა ბაღში - ნიკო, სანდრო და გარე ბიძაშვილი.
  • ადრე, ტიროდნენ, - განაგრძობდა ნიკო, - ადრე ისე ძალიან შეეძლოთ შეყვარება, სიყვარულს ისე განიცდიდნენ რომ, ძალიან ტიროდნენ. როგორღაც, გრძნობა მეტი ჰქონდათ. არაა ასე?
  • ეჰ, თვითმფრინავში, - მიუგო გარე ბიძაშვილმა, - ეჰ, თვითმფრინავში კანფეტებს აღარ ირიგებიან.
  • ტარიელი რა, ვისზედ ნაკლები ვაჟკაცი იყო, მაგრამ ტიროდა და ეს უხდებოდა კიდეც, - კვლავ განაგრძობდა ნიკო, - კაცი, ვინც შიშველი ხელებით გუდავდა ვეფხვებს და ლომებს, ვისაც მხოლოდ მათრახით შეეძლო აუარება ხალხის დაფრენა, და ვისი ხმლიანი მკლავის ერთი მძვინვარე მოქნევითაც ბევრ-ბევრი თავი ცვიოდა დაბლა, მდინარის პირას იჯდა ხოლმე და ცრემლებს აფრქვევდა, სიყვარულზე ცხარედ სტიროდა.
  • ადრე, თვითმფრინავი სანამ აფრინდებოდა, - შენაღვლიანებულიყო გარე ბიძაშვილი,- ჩამოვლიდა ხოლმე მგზავრთაშუა მშვენიერი კარგი ქალიშვილი ქალი, და კოხტა ლანგრით გთავაზობდა კანფეტებს. შენც, აიღებდი ორ ცალს, ისე, შეგეძლო მეტიც აგეღო, და თვითმფრინავი რომ აფრინდებოდა, კანფეტს გაწუწნიდი, გამოწუწნიდი და ისე ძალიან აღარ დაგიბუჟდებოდა ყურები, რა სჯობდა ამას.
    სანდრო კიდე - ჩუმად იჯდა, ხმას არ იღებდა.
  • მე როცა ბავშვი ვიყავი, - ხმა შეურბილდა ნიკოს, -წამდაუწუმ მიყვარდა ვიღაც. თუ იცით, რატომ?
  • ყურები დაფრენის დროსაც კი გიგუბდება, დაფრენის დროსაც კარგია კანფეტი.
  • იმიტომ რომ, ბავშვი სუფთაა, მიმნდობი...
    ღამეულ ბაღში უსაქმოდ მჯდარი ორმოციოდე წლის სამი მამაკაცი... და იმათ ზემოთ, გაყუჩებული ფოთლები ხეზე... და უფრო ზემოთ – აქაიქა ვარსკვლავები, შუა ქალაქში – კლდე,
    და,
    მთლად შორეული ჩურჩულ-ჩურჩულით:
    უცნაურობა -
    „უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმინდე მე; რამეთუ უსჯულოება ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის; შენ მხოლოსა შეგცოდე, და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ, რათა...“
    მონადირეს ქალაქში რა უნდოდა, მაგრამ ქალაქად მიდიოდა,
  • ბავშვს სიკეთისა სჯერა, და სიყვარულიც უფრო იმიტომ შეუძლია რომ... აკი ვამბობ, რომ სიკეთისა უფრო სჯერა...
    მონადირე გალავნიან ქალაქში იმასთან მიდიოდა, ვინც,
    აღზევებულიყო კაცთა მოდგმაზე, ტანში ჩადგომოდა ღმერთების ხორცი, მოზვერივით დადიოდა, ქედმაღალი, ტოლი არა ჰყავდა ლახტის მოქნევაში, დაფდაფის ხმაზე ამხედრებდა მეომრებს, ხოცა დათვები, ვეფხი და აფთარი, ირემი, ხარი და ქვეწარმავალი, და ყველა ქალწულს იმის მკლავებში უნდა გაევლო,, დღედაღამ ლაღობდა მისი სხეული, მაგრამ მერე და მერე სიკვდილის შიში ჯერ შეეპარა და ისე გაუჯდა შემდგომ, დაღონდა, დაშვრა, შიგანი მწუხარებით აევსო, სიფხიზლით თავი გაიტანჯა, ღაწვები ჩაუცივდა, სახე მიუგავდა შორიდან მავალის, მათხოვარივით დაღვრემილიყო,
    „უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე; განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე, მასმინო მე გალობა და სიხარული, და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან, და ყოველნი უსჯუოლებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდა დაბადე ჩემთანა...“
  • შეყვარება კი – დაჯერებაა.
  • რაღა დავიჯერო, კანფეტებსაც კი აღარ ირიგებიან, - თქვა გარე ბიძაშვილმა, თურმე ესმოდა ყველაფერი.
    აქ სანდრომ ვეღარ მოითმინა:
  • მერედა, ისეთი რა გაჭირდა!, შენც მიდი და იყიდე სადმე ორი ღერი კანფეტი.
    მაგრამ გარე ბიძაშვილმა თქვა:
  • ეჰ, ქალიშვილი ქალის მიერ მოცემული ძალიან უფრო გემრიელია.
    სანდრომ გარე ბიძაშვილზე ხელი ჩაიქნია, და ნიკოს მიუბრუნდა:
  • ძალიან გჯეროდა? - და უცებ აღელდა.
  • ვისი.
  • ვინც შეგიყვარდებოდა.
  • ჰო. აკი გითხარი, სიყვარული - დაჯერებაა.

გაგრძელება...

Coin Marketplace

STEEM 0.30
TRX 0.12
JST 0.033
BTC 64029.44
ETH 3157.04
USDT 1.00
SBD 4.02