გურამ დოჩანაშვილი - / იქამდე - თავი II ნაწილი 4 / - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

in #georgian6 years ago (edited)

იქამდე

თავი II (გაგრძელება)

თავისთვის ბაცად იღიმებოდა როსკიპი შამხათ, და ქვის სარეცელს ნელ წრედ უვლიდა, შეჩერდებოდა მერე, დაიხრებოდა, საღებავიან თიხის ჯამში ჩაჰყოფდა პეშვს, და ცალ მკლავს მწვანედ იღებავდა, მერე კი წითლად აივარვარებდა ნახევარ მკერდს, ფეხზე ლურჯ ლაქებს დაისვამდა დამისი სითეთრე უფრო სჭვიოდა, დიდ მუქ თვალებში შუქჩამდგარი, მკვეთრად დახრილი, ღონივრად აიკლაკნებოდა მერე, და შესახედად-ღირდა, მაგრამ თვალები მძიმედ დაეხუჭა მიკარგულ ქურუმს, არად აგდებდა, მოაზროვნე შამხათ კი მათრობელად სუნამომომდინარ თიხის მოჩუქურთმებულ ჭურჭელს დასწვდებოდა და ნელსაცხებლებს ძალიან რომ შეიზავებდა, ქურუმისაკენ იხრებოდა, სურნელოვან,მკერდს მსხვილ ბაგეზე სულ მცირე ხნით, ჩქამად ადებდა, თვალებს ახელდა საღი ქურუმი, მიეტანებოდა, ვერაგი შამხათ კი უკან გახტებოდა, ღიმილიანი,და რაღაც უცნაურ ცეკვას იწყებდა, ცეცხლივით უგზოდ ტორტმანებდა, გადაზნექილი, ხელებს იწვდიდა და ჭრელი სხეულის ყოველ კუნჭულს წყალობად უჩენდა, გაღიმებული ცეკვავდა ქურუმისა და შეგირდთა თვალწინ ამბოხა ქალი-მხიარული როსკიპი შამხათ, გლუვ სარეცელს უტრიალებდა, და მხტუნავი ცეცხლი გრილილი შუქებით მთელ ტანსაც ელეთმელეთად უღიმებდა და წამოწევანაკადრებ ქურუმს თვალებსაცა და ფერად სხეულს შორიდან ამაოდ უჟუჟუნებდა მხიარული დედაკაცი შამხათ, თითით უხმობდა ჯერ ქურუმი, ხელით ეძახდა მერე, მაგრამ

  • იმ შლიაპიანმა ძალიანი ბევრი კი იძახა მე არაფერი არ მინდოდა, მე გულში ცუდი არაფერი მედოო, - თქვა გარე ბიძაშვილმა, - მაგრამ გაყუთში არისლახეს. აბა ასეთ კივილს ტყუილუბრალოდ ხომ არ ატეხავდაო. ერთი ბერეტიანიც მიაყოლეს ზედ. ყოვლისშემთხვევაში.

მაგრამ თავს იფასებდა შამხათ, ქალის ბუნებას ისწავებოდა, საღი ქურუმი კი თავად მიდიოდა მასთან, აიყვანდა და პატარა ხანში ყველანი გრძნობდნენ, რომ ჰქონიათ სხვაგვარი ბაგე, ყელი, იღლია.

თმები, და ყური, რომ შესძლებიათ ათასგვარი ხრიკის ჩადენა, სხეულს ღონივრად აზმორებდა შეღებილი და სურნელოვანი როსკიპი შამხათ და, ჩრდილებნარევი გმინვა იდგა, ახლა, კი, ახლა, დიდი განსაცდელის წინ, სიჩუმეში, ისედაც ვრცელი სხეულის ზედმეტობები თიხის ხახუნით რომ განიშორა და, ნაპირზე რომ გამოვიდა, იმ დილა-ბნელში, სხეულზე კარგად დაიხედა და, რომ ვეღარ შეიმჩნია ვეღარაფერი, გაკვირვებულყუთში არის მონადირეს თავდახრილმა და მორცხვმა, უთხრა:

  • მე-მე მინდა ვიყო,

მერე, ლეღვს კრეფდნენ.

დილის ლეღვს ჰკრეფდნენ კაცი და ქალი, მაგრამ ერთმანეთს არ ეკარებოდნენ, რადგან ორთავე მონადირე იყო, შამხათ კი-უფრო. დედიშობილებს, ლეღვისმიერი ქავილი აწუხებდათ, მაგრამ შამხათმა იმ თავისი გრძელი სამოსის ჩაცმისთანავე ლეღვის ფოთლები მრგვალ საყელოში ჩაიყარა, მაგრად შემოიჭირა სადა ქამარი და, დიდი ქავილის მოსურნე გახდა, იქაც, წყაროსთან, გრილ თიხნარზე მოკუნტულად მჯდარს, დიდი მოქავილე – გაბანჯგვლული შორი ენქიდუ წამდაუწუმ ელანდებოდა, ვინც არ იცოდა ჯერაც ქალი, სულ მონადირის მამას არა ჰგავდა? მაგრამ მონადირის მამა შედინჯებულიყო, მეზობლის დედაკაცს ხანდახან თუ შეავლებდა თვალს, ის კი, მკერდ – ძლიერ – მოღიავებული, მწარედ დახრილი, ქვებსა ჰკრეფდა და მონადირის მამა როგორც იქნა და, ის იყო, რომ გაიმართა:
მამიი! მამიი!!
„ჯანდაბა და დოზანა“, - შუმერულად გაიფიქრა მეზობლის ქალმა - „და შავი ჭირი... და ლენცოფა შენ “, მონადირე კი მართლაც ლენცოფანაჭამივით გამორბოდა მათკენ - „მამიი, მამი,
ბაგე შეკვროდა მონადირის მამას, და ვერ აგებდა, რადგან ყელშეხვეულ სანდროს
წყნარად შემოეჭდო თითები სურაზე, სურა კი თიხისა იყო, და წყალს თავისი ბავშვური გონით ვითომ ითბობდა, ზამთაროი იდგა, გრძელი დეკემბრის თვე, ტკარცალა ღუმელს შემოსხდომოდნენ დეიდა კატუტა, დეიდა მერია და სანდროს ბებია ფაცა, და ისევ შეკივლება, ისევ დეიდა ჭაპულა, ისევ-„გაიგეთ, გაიგეთ? იმ შეჩვენებულს...“

  • არაფერი გამიგია მე!, არაფერი არ გამიგია მამი ჯერ მე ამისთანა! ძალიან მტრული თვალებით გამოჰყურებდა დამფრთხალ მონადირეს ქვების უშედეგოდ ამკრეფი დედაკაცი,

  • მისულა ის შეჩვენებული ბიძინა აღმასკომშია თუ რაცხა...

  • მოდი აქ, ქალო, ჩამოჯექი ჯერ... - და ღუმელთან იმასაც უდგამენ დაბალ სამფეხა სკამს, ღულელებში კი თოვს, თოვს და საღამოს პირია, შეშას მუყაითად აპობს პერანგისამარა გოგი, დეიდა ერმონა კი, თბილად ჩაცმული, ღაზლსა და ბანბოვანში, იცდის, იცდის და ათოვს, მერე ნეკნებზე იდაყვებმიდებულ, მართკუთხა ხელებს გაუშვერს და ქვასავით შეშას ულაგებს ქვეყნისამტან ხელებზე გოგი, თან, უფრთხილდება: „გეყოფა, დეედ...“ „მამიი, მამიი!“ - ძალიან შორს, უსაშველოდ შორს, თიჩქოსდა მიუწვდომელში გაჰყვირის მონადირე.იმდენი ველოდეეთ...“

„მერე და, რაღა მოგარბენინედა, შე...“ - კვლავ შუმერულად გაიფიქრა მეზობლის მსხვილმა დედაკაცმა, სხვა ენა იმანარ იცოდა და, რა ექნა.

„ორი დღე ისხდნენ წყაროს ნაპირას“,

ორი დღე ითმენდა ქავილს შამხათ,

  • ჰოდა, მისულა პირდაპირ გუნდის მეცადინეობიდან ბიძინა უფროსობასთან, იგენს, ხო იცი, მთელი დღე რომ არაფერი აკეთონ, საღამოობით უყვართ შეკრება...

  • და, როგორც იქნა, როგორც იქნა, მამიი,

„ბოლოს მოვიდა ჯოგი წყლის სასმელად,

მივიდნენ მხეცები, წყლით გულს იხარებდნენ,

მათთან ენქიდუც, ველზე ნაშობი“,

საღამოხანს მოვიდნენ,

  • ჰოდა, დაუდვია თავი და, შესულა პირდაპირ იგენთან. ნასვამია ცოტა, მარა რა

უჭირს, ბიძინასას ყოლიფერს გუობენ...

„არ დაიღალე, დეედ?..“ „არა“. „მართალი მითხარ“. „მორჩი“. „ეგ რასა - შეშის დაპობასა?“ „ყბეედ“.

  • ავიღე, მამი და, პირდაპირ ვუთხარი ძალიანი:

„ჰა იგი, შამხათ, შეიხსენ მკერდი,

და კალთა შენი გადაიშიშვლე;

ოდეს დაგინახავს, ახლოს მოდგება“,

  • ოო, ლოტბარს გაუმარჯოს, ლოტბარსო, უთქვამს იგენის თლათ მთავარს, რასა იქმ, ბიძინა, ხომ მშვიდობააო,

პირშიმთქმელურად ვეუბნებოდი ძალიანი:

„დაე, აიღოს სიმწიფე შენი,

ნუ დაიმორცხვებ, წაართვი ჯანი“,

მშვიდობა კიაო, ბიძინამ, თურმე, მარა სათხოვარი მაქვენ ბატონო, ერთიო. რადარა სათხოვარი, ამხანაგო ბიძინაო,

„მაშინ შეიხსნა შამხათმა მკერდი,

დაკალთა თვისი გადაიშიშვლა“,

და თეთრ ფეხებზეც რომ იცხუნა ლეღვის ფოთოლი, წამოიმართა, გაშრა ენქიდე, მსგავსი მხეცი ჯერ არ ენახა,

  • რა სათხოვარიო და, ბატონო იმანო, კი ვარ ლოტბარი, მარა გუნდი რო არ მივარგაო? - რატო არ გივარგაო? - რატოო და, ბატონო იმანო და, შეუხედავი ქალები მყავს ძალიანიო. მღერით, იცოცხლე, ნამეყანი კარგად კი მღერიან, მარა, რომელიმეზე ხო უნდა შეაჩერონ ხალხმა თვალიო...

ღელელებში, შინ, ორნიღა არიან, ცურვის უცოდინარი ხარება ფლოტშია, თენგიზა და სინკო ქალაქის საავადმყოფოში წვანან... და გოგიც ძალისძალათი, თავსზემოთ ხუმრობს,

თოვს,

მერე, დავარიგე კიდევ და კიდევ და კვლავ!:

„სამოსი დაფინე, ზედ დაგაწვება,

ნუ მორცხობ, სუნთქვა მისი მიიღე,

აჩვენე ველური ქალის ხელოვნება“,

  • მერეო, მე რა გიშველო, ამხანაგო ბიძინაო. - რაო და, ორი ახალი კონსერვატორია დამთავრებული ლამაზი ქალი უნდა გამიხერხოთო. ერთს აქეთ კიდაროზე დავაყენებ და მეორეს იქითაზე და ივლის აქეთ-იქით ხალხის თვალიო - დაფიქრებულა, იგენის თლათ უფროსი.

„დეედი, დედ...“ - ცბიერად ეკითხება გოგია, „ერთი კილო რკინა უფრო მძიმეა თუ ერთი კილო მატყლი?“ დეიდა. ერმონა კი ჯერ გააგრძელებს: „ჰაიი, ჰაიი“, - დამერე- დასძენს: „ცარიელა ჭკვავ“.

  • ახლა, ქუთაისში რომელს არ უყვარს ხმაურობა და, იგენის თლათუფროსსაც უთქვამს: მერედა, ამხანაგო ბიძინა, შენ თითონ არ ხარ ლამაზი, რად გინდა ლამაზი ქალებიო.

მამიი, მამიი, არაფერი არ გამიგია ჯერ მე ამისთანა: „ექვს დღეს და შვიდ ღამეს ნერბავდა შამხათს, და რა ენქიდუს ვნება“,

  • ნერბავდა რა არი? - იკითხა გარე ბიძაშვილმა და, იაზრა, საზრიანი იყო, უი ჰო, ისა...

  • ახლა, რა ხუმრობა ახლა ის იყო, მარა, რო ესიამოვნებინათ, ისეთი სიცილ-კისკისი აუტეხიათ იგენს რომ, იცინიან, იცინიან, და, კვდებიან თურმე სიცილით. ქე რო ჩაშოშმინებულან ძლივს... უიმე, უი... და ამას, ამას, ამ შეჩვენებულს, ჩვენსას რა უპასუხია თუ იცით... უიმე, უიმე, ვაი... დავიხრჩვი ქალი! - არა იქნა და არ იქმნა მისი გაჩერება, მამი, რა ნახა ჩემმა საკუთარმა თვალებმა იქ, მას,

„და რა დაუცხრა ენქიდუს ვნება,

პირი იბრუნა თავისი ჯოგისკენ,

ხედავს ენქიდუ – გარბის ქურციკი,

და ველურ ჯოგსაც ზურგი უქცევია“,

აღარ ამოშაქრავ, შე ქალო?

„წამოდგა ენქიდუ – შეკვრია სხეული,

მუხლები დაუდგა, ჯოგს ვეღარ მიჰყვება,

დასუსტდა ენქიდუ, ვერ ირბენს ძველებურად,

მაგრამ გაბრძენდა, განევრცო გონება.

მობრუნდა, შამხათს მუხლებთან დაუჯდა“,

ჩაშოშმინებულან, ქავილდაამებულია შამხათ, მკერდზე ბანჯგვლები შეთხელებია ველურად ნამყოფს,

მაცალეთ, მაცალეთ, მოვვითქვა სული,

„ასე ეუბნება ენქიდუს როსკიპი:

მშვენიერი ხარ, ღვთაებას ედრები,

რად დაძრწი ველად გარეულ ჯოგთან?

მოდი, გალავნიან ურუქს წამომყევი,

მიგიყვან ღვთაებრივ, ბრწყინვალე სახლში“,

  • უთქვამს, ვაიმე, ვაიმე, მომკალით ვინცხამ, უთქვამს, მე რო არ ვარ ლამაზი, მიტომაც ვდგავარ ხალხისკენ ზურგით, ჩემო ბატონო იმანო.

„სად გილგამეშია, სიქველით სრული,

ხალხზე რომ მძლავრობს მოზვერივით,

შეიყვარებ შენს თავზე უმეტეს,

რაკი შენც მსგავსი ყოფილხარ მისი.

წამო, დააგდე უდაბნოს საწოლი!“

  • კიდო რაში ყოფილა თუ იცით, საქმე? - ძლივს ითქვამს სულს დეიდა ჭაპულა, - ის იმ იგენის თლათ უფროსი შეუხედავი ყოფილა ნამეტურ!... და პირიზიდიუმებში ხალხისკენ პირით იჯდა!

იცინიან, იცინიან რო, ღუმელის კრთომა სადღა ისმის, ღულელებში კი, დეიდა ერმონას ჭრაქიან სახლში, ორნიღა სხედან და რძიან ჯამში ხმელა პურს ჰყრიან,

თოვს.

ასეა, - აღნიშნა ნიკომ, - რაა ისეთი, ქალი დროებით რომ ვერ შეძლებს.

დღესავით ცხადია, - თქვა გარე ბიძაშვილმა.

რა იყო ცხადი, - დღე?

მაგრამ ისე ძალიან სხვა რა ამჟღავნებდა იმ აუარება ბუნდოვნებასა და გაუგებრობას, წამდაუწუმ თვალებში, გონებასა და ფეხებში რომ გედებოდა, როგორც ყოველი დღე...

ცხადი კი არა, დღე – ყოვლად ხილული გაუგებრობა გახდა, სხვები თუ უფრო მკვიდრდებოდნენ ავსა თუ ნაკლებად მოლიპულ გზებზე, ეს ჭრელი სანდრო მთლად აირია ოცდათვრამეტისა რომ შესრულდა, განსაკუთრებით – მაშინ.

უბრალოდ მოხდა: მეტის გაგება მოინდომა, ვიდრე შეეძლო.

ძლიერ უბრალოდ – თვალები ძაან დააჭყიტა და, ლამის დაბრმავდა. ერთხანს

„ჰხედავა, კაცთა?“

„ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა მიმომავალთა“,

დრო კიდევ იყო.

ქუჩაში კაცი მიბარბაცებდა და სხარტ სიმღერას: „სიყვარული ძნელია“, ძალიან გაბმულად, გაწელილად ღრიალებდა:სიიიყვა...რუ!,ლიიი ძნეეე-ლიააა,

წვრილსა და სუსტ ხეს დაეჯახა, კინაღამ გადატეხა, მერე ბოდიშივით შეახო განაზებული

ხელისგული მერე კვლავ ტავისაზე დადგა:

  • დაა რაააც უუუფრო!, ძნეეეე - ლიააა,

მოხუცი ქალი გაიმართა,რამდენადაც ეს შეეძლო, დააკვირდა და,გულმოდგინედ გადაისახა პირჯვარი,

  • უუუ – ფროოო... - და უცებ სისხარტისაკენ შეამჩატა სიმღერა კაცმა, - საასურველია!,

მოხუცებულმა კი თვალი მიაყოლა და ახლა იმას დაადევნა სწრაფი პირჯვარი,

რუ!, უუულიიი...- და ახლა ისევ გაბმულა ყვიროდა კაცი.

ფხიზელი იყო.

მაგრამ ეს ასე არ ხდებოდა, სასურველი კი გახლდათ.

გაგრძელება...

Coin Marketplace

STEEM 0.33
TRX 0.11
JST 0.034
BTC 66579.21
ETH 3282.19
USDT 1.00
SBD 4.30