ტყის კომედია - / მოქმედება მეორე / - ვაჟა ფშაველა - ქართული დრამატურგია ბლოკჩეინზე

in #writing6 years ago

მოქმედება მეორე

გამოსვლა პირველი

(ღამეა. სიმშილაანთ ბინა. კერაზე ცეცხლი ანთია. ცხრა-ათი სული ფუსფუსებს. სიმშილა, ოჯახის უფროსი თაგვი, ცეცხლაპირას შემოწოლილა).

ს ი მ შ ი ლ ა. (წამოიწევს) აბა, ერთი, დედაკაცო, „სონასეული“ მოიტა, ვახშამი გავაჩაღოთ. (სონასეულს ნაქურდალს თხილს ეძახდა). ხელადაში ღვინო იქნება, ისიც მოიტა, სონა-ქალი უნდა ვადღეგრძელოთ, – მე და ჩემმა ღმერთმა, ძალიან თხილი შეუნახია და ის დალოცვილიშვილი რომ არცა კითხულობს?! იქნება იმას თავისი ორმო ისევ სავსე ჰგონია?.. ხა, ხა, ხა! იმედიც კაი საქონელია! როცა ჰნახავს, საქმე მაშინ არი, მაგრამ მინამდე ჩვენ კიდეც გავათავებთ. ბლომად არის კიდევ?

კ ე კ ე ლ ა. (ცოლი.) ჯერ კიდევ ბლომად არის. ამ დალოცვილმა ძალიან ბარაქა გამოიღო…

ს ი მ შ ი ლ ა. სადა გაქვს შენახული?

კ ე კ ე ლ ა. ბრძამის კალათში. თხილი იყოს, თორემ ბუნაგზე არ დავღონდები.

ს ი მ შ ი ლ ა. მოიტა და ყველას ჩამოურიგე თითო თხილი. მე, ხომ იცი, ერთი არა მყოფნის, მაშასადამე, ორი უნდა მომიტანო. თქვენ კი, ბიჭებო, საკრავები მომართეთ.

კ ე კ ე ლ ა. ამ საათში. (მიდის და მოაქვს თხილი და ურიგებს ყველას). დაიჭით, ჩამომართვით, შაირგეთ და გაიხარეთ!.. (შვილები ჭიანურსა და ფანდურს აწყობენ) ესეც ღვინო, ესეც ყანწი. (მოიტანს და დაუდგამს ქმარს გვერდით ხელადას, რომელსაც ყანწი აქვს პირში დაცული).

ს ი მ შ ი ლ ა. აგაშენოს ღმერთმა, ჩემო დედაკაცო, ყოჩაღ! აი, ეხლა მომწონხარ, აი ეხლა კი ხარ კაი დედაკაცი. (ასხამს ღვინოს ყანწში და ილოცება( დიდება ღმერთსა, დიდებული ღმერთი შეგეწიოთ, ჩემო ცოლო და შვილებო, აგავსოთ პურითა, ღვინითა და თავში ტვინითა. ეს უკანასკნელი კი ყველასა სჯობია, მე და ჩემმა ღმერთმა… ურააა! აბა, ბიჭებო, ჭიანური! ჩქარა მორჩით, რა დაგემართათ, გული ნუ გამისიეთ…

შ ვ ი ლ ე ბ ი. ეხლავ, ემ საათში! აჰა, დაჰკა, ბიჭო, დაჰკა! (გაისმის ჭიანურის და ფანდურის ხმა. ერთი დოლს უკრავს).

ს ი მ შ ი ლ ა. (ცოლს) ბარემ, ფეხზე ხარ, მოდი ერთი შენებურად დაუარე, პატარა გული გამიხალისე!

კ ე კ ე ლ ა. მაგაზე ადვილი რაღაა, შე კაი კაცო?!. (თამაშობს. ისმის ხმა გარედან: ოჯახის პატრონო, ოჯახის პატრონო! საკრავების ხმა შესწყდება. პასუხს აღარ უცდიან და სიმშილაანთ კერაზე გამოიჭიმება მამასახლისი თავის იასაულებით, ჩაფრებით, ცელქა, სონა, თებრონე და სხვანი).

მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. აგაშენოსთ ღმერთმა! კაი დროს მოვედით! სიდედრსა ვყვარებივართ. ჩვენ კი არ დაგვპატიჟებთ?!. (ყველანი ფეხზე ადგებიან).

ს ი მ შ ი ლ ა. მობრძანდით, თქვენი ჭირიმე, სტუმარი ღვთისაა.

ს ო ნ ა. აბა, რა? რატომ არ დაგპატიჟებთ! ვერ დაგიხვდებათ თუ? ნაქურდალი, მე შენ მოგახსენო, ცოტა აქვს! ფასი არ გასვლია და პატივი. აი, შე წაწყმედილო, შე უღმერთოვ, შენა! რაზე დამღუპე და დამანიავე, შე დასაღუპავო, შე ღვთისაგან წყეულო! (დაეწვდება დაბლა, იღებს თხილსა) ეს საიდან მოიტანე? საიდან? ჩქარა მიპასუხე!

ს ი მ შ ი ლ ა. ღმერთმა ნუ გიცის. როგორ საიდან? თუ შენა გაქვს თხილი, ჩვენ რაღა დაგვემართა, რო არა გვქონდეს?..

მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. ეხლა ჩხუბისა და ლაპარაკის დრო არ არის. მე ჩემი სამსახური უნდა შევასრულო. ეს ადამიანი გიჩივისთ თქვენ ქურდობაზე, ამისთვის თქვენ, სიმშილაანო, ერთი ორმო თხილი მოგიპარიათ, რომელიც დიდ ნაკაფ მუხის ფესვებს ქვეშ ჰქონია შენახული და ამიტომ საჭიროდ ვცნობ სახლი გაგიჩხრიკოთ.

ს ი მ შ ი ლ ა. (მამასახლისს) თქვენი ნებაა, გაჩხრიკეთ, მაგრამ ეს კი უნდა გითხრათ, რომ თხილი თხილსა ჰგავს, სერი და დამღა არა აქვს, რომ იმითი იცნოს დამკარგავმა თავისი საქონელი… მაშასადამე…

ს ო ნ ა. უყურეთ, უყურეთ, ამ წაწყმედილს, ამასა! მაგ ხრიკებით გინდა გახვიდე ფონსა? ვერ მოგართვით, განა არავინ იცის, რომ ეს ერთი თვეც არი, რაც თქვენ ჯერი გაგითავდათ და მთელი სოფელი შესძარით თხოვნითა და ხვეწნითა. თუ გქონდათ საზრდო, ქვეყანას რაღაზე აწუხებდით, თქვე ამოსადაგავებო?

მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. გაჩუმდით, ლაპარაკის დრო არ არის. (ნაცვალს) შენ სანთელი მოანთე. (მიდის და ათვალიერებს სახლის კუთხეებს. კედლის ბოძის გვერდით პოულობს ბრძამის კალათს) ეს რა არის? აქ რაღაც ჩხაკუნობს. საიდან მოვიდა აქა? ხმა ღვთისა – ხმა ერისაო, – ტყუილად კი არ იძახოდა ხალხი, მთელი დუნია. (უშენს სიმშილას მათრახებს) შე ავაზაკო, შე ყაჩაღო! (სიმშილა ხან ერთ კუთხეში გარბის, ხან მეორეში).

ს ი მ შ ი ლ ა. სიტყვა მათქმევინეთ, სიტყვა! ეს ხომ უსამართლობაა… საქმის გამოუძიებლად…

ს ი მ შ ი ლ ა ს ც ო ლ ი. კაცს ნუ მიკლავთ, თქვე დასალევნო! (მამასახლისს) რა დაგიშავა, შე დასამიწებელო, რო უწყალოდ მათრახებს უშენ?

მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. შენცა გნებავს მათრახები? (გადაჰკრავს იმასაც) შენ ამათ უყურებ? რომ არცა ტყდებიან! მოიტათ, ბიჭო, თოკები, შებოჭეთ ეს ავაზაკები დიდ-პატარიანათ. ხვალ ყრილობას წარვუდგინოთ და ვნახოთ მაშინ ამათი ყოფა!.. აბა, ჩქარათ… (გზირ-ჩაფრებს მოაქვთ თოკები და ჰკონავენ სათითაოდ, ისმის წრიპინი და წრუწუნი თაგვებისა).

ს ო ნ ა. (ჩუმად მამასახლისს) ოი, შენს მარჯვენას კი ვენაცვალე! ემაგრე, ემაგრე! რაც შეიძლება, დატანჯე ეგ გასაწყვეტები, დაწვი და დადაგე. ეგ თხილიც შენი ფეშქაში იყოს და სხვასაც მოგართმევ, ოღონდ მაგათ ჯავრს ნუ მაჭმევ.

მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. (სონას) შენ არხეინად ბრძანდებოდე, ეხლა მე ვიცი, უნდა სამაგალითოდ დავსაჯო, ისე, რომე ორმობით რა სათქმელია, ცალი თხილიც კი არავის დაეკარგოს ამის შემდეგ… (მხლებლებს) აბა, გასწით, წაიყვანეთ ეგ ტუსაღები, მეც თქვენთან ერთად მოვდივარ. (გზირ-ჩაფრები მიათრევენ ტუსაღებს, ისმის ხმელი ფოთლის შრიალი, გაღმიდან ბუს კივილი).

ს ო ნ ა. (მამასახლისს მისდევს თან და მისძახის) გაუფრთხილდით, მამასახლისო, გზაში არ დაგექცნენ, თოკები არ დაჭრან, ფრთხილად იყავით. ხვალ მეც ყრილობაში გიახლებით… ვაჰმე, როგორ დამღუპეს და დამანელეს მაგ დასაღუპავებმა და დასანელებლებმა!.. (ტუსაღები არ მისდევენ, რის გამოც კბილით და კლანჭებით მიეზიდებიან, ისმის ხმაურობა, ლანძღვა-გინება, მათრახების და ჯოხების ლაწალუწი. ამ დროს ორი მხრიდან წინადან ესმით მელების ხავილი „კაუ, კაუ!“)

მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. შესდექით, აქ საფრთხე მოგველის.

მ ხ ლ ე ბ ლ ე ბ ი. მელები, მამასახლისო, მელები! ჩვენთვის გზა შეუკრავთ!

მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. გაგვაფუჭებენ, თუ თავს არ ვუშველეთ. (მელების ხმა თანდათან ახლოვდება) ბიჭებო, თავს უშველეთ, ესენი, ეს ავაზაკები, ხვალაც ჩვენს ხელთ არიან.

მ ხ ლ ე ბ ლ ე ბ ი. არიქათ საფარი, თორემ დავიღუპენით!

მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. ფრთხილად, თავ-პირი არ დაიმტვრიოთ! (თაგვები გარბი-გამორბიან, გაიფანტებიან, ხოლო ტუსაღები რჩებიან შეკონილნი ერთ ალაგას).

Coin Marketplace

STEEM 0.36
TRX 0.12
JST 0.039
BTC 69735.97
ETH 3533.64
USDT 1.00
SBD 4.72