გურამ დოჩანაშვილი - / იქამდე - თავი II ნაწილი 1 / - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

in #georgian6 years ago (edited)

იქამდე

თავი II

საკვირველი იყო სწორედ: თბილისიდან მანქანით საათიოდეს სავალზე, თიანეთისკენ, გზად, იყო სოფელი ღულელები და ავტობუსით თუ ჩაუვლიდი, იმდენი არაფერი - სხვადასხვაგვარი, არცთუ დიდად განსხვავებული შეძლებით აშენებული სახლები იდგა, იქაურები მიმოდიოდნენ, ზოგს როგორ ეცვა, ზოგს როგორ, მაგრამ რაღაც საერთო მაინცა ჰქონდათ უბრალო ტანსაცმელში, გაიხედ-გამოიხედავდი დასაბადურის უღელტეხილის შემდეგ რაღა შეგძრავდა, ველი მოჩანდა და მთები, მაგრამ თუ ყუჩ ობელისკთან ჩაუხვევდი, მიადგებოდი მონატრებულ ჭიშკარს, წყნარად გახარებულ დეიდა ერმონას გრილ, მზემრავლადნანახ ლოყაზე აკოცებდი, სადმე მიდებდი ჩანთას, „ჯერ არა მშია“, და დეიდა ერმონამაც კარგად იცოდა, მაშინვე ტყისკენ რომ დაადებდი თავს.
სანდრო ჯერ მიდიოდა მცირე მოლისკენ, სადაც ვრცელი მუხა იდგა ერთი, დიდად ნაცნობი კონწიალათი, ჟანგმოდებულ ჯაჭვს აუცილებლად შეახებდა ხელს, არც შეჩერდებოდა და, ისე. მერე წნორებარიგებულ, მსუყედ შრიალა ღელეს აუყვებოდა, სუფთა ჰაერით იწიწკნებოდა სანდრო, უცხოდ სუნთქავდა, ქალაქელი, იქ ცა იყო როომ, ხოლო აქაიქ-ძროხა, ცხენი, თხა. მერე პატარას ჩაივლიდა და, წყარო! ცხვირპირჩარგული, სვამდა, აჰ, სვამდა, ვიღაცაც სვამდა სულ სხვა წყაროს ოდესღაც, სადღაც, მონადირე კი ლელიანში... მაგრამ ამეებისთვის აღარ ეცალა, სანდრო იმ სახლის გასწვრივ მიაბიჯებდა,სადაც დიდი ქოფაკები სუმუდამ ჰყავდათ და ახლაც, ღობეს მომწყდარნი, გაავებულნი, უყეფდნენ, ჰყეფდნენ, ყელჩაფხაჭნილნი, ღობის გამონგრევას
ამაოდ ლამობდნენ და, ლამის იღრჩვებოდნენ ყეფით, მაგრამ ესეც კი, ძველდროინდელი და მოსალოდნელი, მშობლიურივით იყო. მერე დიდ ველთან გაივაკებდა, შეჩერდებოდა, გახედავდა და, დაადებდა თავს. სანდრომიდიოდა გადახნულ ველზე, ფეხქვეშ ბელტები ეზნიქებოდა, ღრმულები აჩნდა ალაგ – ალაგ მიწას, რაღაცეები ცხოვრობდნენ იქა, ბნელ საცხოვრისებს ნაბიჯს არიდებდა, და მძლავრად გადახნულ, ტორტმანას თითქო, ველს რომ გადაივლიდა, ჯერ – თხილი და ასკილი, პანტა, კუნელი, მაჟალო, კვრინჩხი, ჰეჰეჰ, ძახველა დაკუნწლული, ფოთლებზე ალაგ – დაკინწლული მფრინავი ხოჭო, სახელად მაია, ტოტებზე – ნისკარტით ძნელად შესათხზველი ჩიტის უბრალო ბუდეები, და რკოდაყრილი სქელი ბალახი, სოკო, და ვერც გაიგებდა, ისე ამოჰყოფდა ქართულა ტყეში თავს.
ვერხვი და ნეკერჩხალი, მუხა, წიფელი... გატრუნულ ხელისგულს ადებდა სანდროძველ, ნაცნობ ხეებს, და შვებანარევი სიხარულისგან შეძრულ სახეზე – შორი აბლაბუდა, და ფრთხილი სვლა დაბლითურა ჭანჭრობისაკენ, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობოდა ამა ტყის სული, სახელად ვითომ – ხუმბაბა... როდის შეარქვა ეს მკაცრი სიტყვა, აღარც ახსოვდა, სადღაც, შორეულ ბავშვობაში... მაგრამ ხუმბაბა რასა ნიშნავდა ვერ ესმოდა მაფრამ, თითქოსდა ჟღერდა. ბუნდოვნად იმასაც კი გრძნობდა, რომ მოფერებით შეარქვა ასე, რადგან ხუმბაბა სინამდვილეში და ღამით თითქოსდა ბევრად უფრო დაუნდობელი და მრისხანე უნდა ყოფილიყო, ვიდრე ეს მცირეჭინკებიანი ტყე, მგლებიანი თუმც. სანდრო ფრთხილად მიაბიჯებდა ჭანჭრობისაკენ, დეიდა ერმონას კი უკვე ჩაეყარა ქაფქაფად მდუღარე წყალში სანდროს საყვარელი ხაჭოს ხინკალი, თავისილურჯი სახლის წინ ფეტვიანა გამოსულიყო და ქათმებს ეძახდა. რა დაძახება იმათ უნდოდათ, გამალებულნი იკენკებოდნენ, დეიდა ერმონას ხმა ჰქონდაა?- ლმობიერი, ლმობიერების ერთი, და ამ ხმით კიდე, ნამდვილ და ლამაზ, სხარტ და უბრალო, დალოცვილ ქართულს ლაპარაკობდა. წყნარად და რბილად იწელებოდნენ დეიდა ერმონას სიტყვების ხმოვნები სწორედ იქ, საცა საჭირო იყო, „ მოხვევლ?“_ ხმადაბლა იკითხავდა, ფარული მოფერება თუ უნდოდა; დაგვიანებულ შვილზე კი მოკლედ ჩაილაპარაკებდა: „ მოვიდა“. ხმას არასოდეს აუწევდა, ადრე დაქვრივებულმა, ოთხი ბიჭი გაზარდა და, არასოდეს აუწევია ხმა, ჩუმი დარდი კი მუდამ იცოდა. რა უნდა
მომხდარიყო, შინაგან განგაშს რომ აჰყოლოდა, მაგრამ სანდრო მაინც სტუმარი იყო, და
მზე თუმც ჯერ არ ჩასულიყო, ჩაილაპარაკა: „ბიჭი რა იქნა“, პატარა ხნის შემდეგ კი, ამ გაფიქრებას ერთი პაწიასიტყვა დაემატა, მაგრამ დეიდა ერმონას პირობაზე ძალიან მეტად მნიშვნელოვანი - „ის ბიჭი რა იქნა“, და თავის უფროს ვაჟს, ახლად მობრუნებულ,
გადაღლილ გოგის, ეუბნეოდა: „წადი, და მოსძებნე ის ბიჭი“. „რა, სანდრო ჩამოვიდა?“- უხაროდა გოგის, მაგრამ ძალიან დაღლილი იყო. „ წადი და მოძებნე, საცა გინდა“. „სანდროს აქ რა დაკარგავს, დედი, სადმე ავცდები“. „ ვის ვეუბნები, ადამიანო?“ გოგი აზოდან გადიოდა და, უკვე მორუხოდ შედედებულიყო ჰაერი, ნახირი ნრუნდებოდა სოფლად, ნახირშუა კი, აგერ სანდროც არ მოდიოდა? გოგი სწრაფად მიაბიჯებდა ძროხებში, ხელებგაშლილი, გულიანად მომღიმარე, უცაბედ რქებს ხანდახან ხელის ზურგით იშორებდა და, ერთმანეთს რომ გადაეხვეოდნენ, ჭიშკარს მომდგარ დეიდა ერმონას ძალიან, მაგრამ წყნარად უხაროდა თავისი შვილისა თუ შვილობილი იყო თუ რა,იმათი ასე შეხვედრისა. წყნარადვე უხაროდა იქაც, თავის პატარა სახლში,სანდრო ალალად რომ იტყოდა-„ძალიან მშია“, და აორთქლებული ხაჭოს დანახვაზე, როგორ გაწელავდა: „უუ“. მუხლებზე ხელებდალაგებული, შუქჩამდგარი თვალებით შესცქეეროდა რა გემრიელადა აწობდა გამდნარ ერბოში უბრალო ხინკალს სანდრო და მერე ძალიან მშრალად ჰკითხავდა:

  • არაყი ხო არ გინდა.
  • არა.
  • ჰოო, ეგრე, -მოუწონებდა დეიდა ერმონა და, როგორღაც ამაყად დააყოლებდა:-მამაშენიც არა სვამდა
    სანდრო არა სვამდა კი არადა, ხანდახან...მაგრამ აქ, ღულელებში, როცა განგებ და ღიმილით ჰკითხავდნენ:
  • მაშ აბა რა გინდა?
    დასამივენი იცინოდნენ სანდროს სულსწრაფად წამონაძახზე:-რძე მინდა, რძეე!
    ღულელები ერთადერთი ადგილი იყო ქვეყნად, სადაც სანდროს რძე უყვარდა და, ცხელი დამძიმედ ქაფდამდგარი, რაღა თქმა უნდა, იქავე დიდი ფინჯანით იდგა.
  • ბიჭო არ დაქცადოს, - ეღიმებოდა გოგის, - ქალაქში იმ წყალწყალაებზე ნაჩვევი ხაარ და...
  • დაცადოს კიარა... მამაშენიც აეგრ გემრიელად სვამდა.
    სანდროს გული ეკუმშებოდა, იმასაც კარგად ახსოვდა ღუღულებში მამა. მაგრამ დეიდა ერმონა მის დაღონებას ვერ ამჩნევდა, რაც იშვიათად მოსდიოდა; ფიქრობდა წასულიყო:
  • საწყალი, პეტრე. იმასაც ეგრე უყვარდა რძე და აქაური ერბო.
  • ეჰ, ძია პეტა... - დაღონებოდა გოგიც.
    და დეიდა ერმონა მოულოდნელად მკაცრად იტყოდა:
  • პაპაშენი - სვამდა.
    და ისევ ნაღვლიანდებოდა:
  • ეეეჰ, პეტრე- ის უნდა მამკვდარიუო?
    მაგრამ გოგი ატყობდა, სანდროს რომ ძნელად გადასდიოდა ლუკმა, და მაშინვე მიახლიდა:
  • ის როგორ იყო, შენა და სინკომ ჭუკები რო დახოცეთ?
  • დავხოცეთ კი არა...
    რამდენჯერაც ჩამოვიდოდა, ეს შეხსენება – ყოველთვის, მუდამ... არადა, არ დაუხოცნიათ, სოფლის ბიჭებმა თავიანთი ნაქნარი იმას და სინკოს გადააბრალეს. დეიდა ერმონას ოთხი ბიჭი ჰყავდა, გოგი, ხარება და თენგიზა სანდროზე უფროსები იყვნენ, სინკო კი – ერთი წლით უმცროსი და, მაშინ, ხუთდაექვს წლისანი, ჭუკებს ჰყარაულობდნენ მინდორში, თან დანასობანას თამაშობდნენ. უფროსებს სანდროსი, როგორც ქალაქელის, ცოტა-წვალება უყვარდათ, ლაღად ემასხრებოდნენ და ხან რას ატყუებდნენ და ხან რას, სინკო კი- სანდროს ჰალალი ძმაკაცი იყო.
    და ახლა გულიანად ეღიმებოდა სანდროს, ყოველ მათგანთან შენამთხვევი ფათერაკები ახსნდებოდა, იგონებდა თუ, როგორ შესვა გოგიმ სუპირველად ცხენზე, როგორ დაემალა ტყეში ხარება, თენგიზა მოფარებულიდან მგელივით რო ყმუოდა, ეღიმებოდა, მაგრამ დეიდა ერმონამ უყურა, უყურა დაწყნარად, ნაღვლიანად ჩაილაპარაკა:
  • ალი-კვალი მამაა.
    ამ ახლობელ ოჯახს კი არა, ეჰ, მთელღულელებსაც ძალიან უყვარდათ პეტრე ექიმი. იმას კი ღულელებში ერთი ხე ამოჩემებულად უყვარდა, ჭკნობაშეპარული, დეიდა ერმონას ეზოში ყუჩად მდგარი. იმ ხის ნაყოფი ყველაფერს ერჩია, ეს – მისი ბავშვობის ნერგი იყო და, როგორღაც მორიდებით მიჰქონდა პირთან გრილ ღულელებში გვიან დამწიფებული ვაშლი, და ეს ვის მერე – იმ პეტრე ექიმს, ვინც... და უკვე ბნელში, ვაშლის ხეს აჩერებოდა სანდრო, და ხელისგულიც რომ მიადო, საიდან, როგორ! - გამწარდა კიდეც, ისე მოულოდნელი იყო, აქ, ღულელებში, თვით და ისისნი, მაგრამ ვინ ეკითხებოდა, მაინც რა იყო ასეთი უტიფარი თავსმოხვეულობა, და, სწორედაც რომ საკვირველი: დაბნეულობით მოსული სიცხადე! - გაგიგონიათ?.. არა, აარა, მაგრამ ბნელოდა, ძალიან ბნელოდა, და რაღაცეებს თავიანთ ხვრელებში თუმც ეძინათ კი, მაგრამ მაინც იშმუშნებოდნენ, ღამე იყო შავი, უშავესი, ღამე იყო შავი, შავი რომ, ურცხვი, და მონადირე გოგრის ფოთლებში გაწოლილიყო, და ძლივს ესმოდა, როგორ სუნთქავდა როსკიპი შამხათ.

ის გამძლე ქალი, დიდი ორფეხის მოსაქცევად რომ გამოატანეს. შამხათ გულაღმა იწვა სწორედაც რომ საკვირველი – ჩაცმული და, ვარსკვლავებისა და მთვარის ქვეშე, ძნელი რამ ტვირთის აღსრულებამდე, -
„აჩვენოს ველურს ქალის ხელოვნება“,
ისვენებდა.
იქვე მდინარე ჩამოდიოდა, ცხელ ზაფხულობით წყნარი ევფრატი, დათქმულ ველამდე მთელი ოთხი დღის სავალი ედოთ, და ახლა, ერთი მცხუნვარე დღის შემდეგ, მდინარის პირას ისვენებდანენ, მანამდე კი, ზღუდეშემოვლებული ქალაქიდან დილაადრიან რომ გამოვიდნენ, მონადირემ ერთი კი მიიხედა და, ველების მკვიდრმა, მოწიწებით გაიფიქრა:
„რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაი!“,
მაგრამ მოესმა ისეთი შორით იდუმალი რამ:
„ჰხედავა ამათ დიდ – დიდთა შენებულთა? არა დარჩეს ქვაი ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს“,
და მონადირეს შეეშინდა. ახლაც, დამფრთხალი, მთვარის რბილ შუქზე, გოგრის ფოთლებში პირქვე გართხმულიყო, როსკიპი შამხათ კი გულაღმა იწვა, და რომელიღაც ვარსკვლავს უმზერდა. ნელა წამოდგა მერე, მონადირეს თავთით დაადგა, მკერდი მოიღეღა,

  • ქალი არა ტოროლა, - თქვა მერე ნიკომ, - ქალი ერთია ყველა.
    მკერდი მოიღეღა და თიხის კოჭობით საღებავი გაუწოდა, მონადირე კი ჯერ მოიკუნტა, მაგრამ მშვიდი ხმით: „ვაშლი დამახატე ძუძუზე,მონადირევ“, რომ ჩამოესმა, დინჯად წამოდგა, ლერწამის ღერი რამ მცირე, მოიმარჯვა, საღებავში ჩააწო, მხარზე დაადო შამხათს მარცხენა, მარჯვენათი კი იმის ძუძუზე წითელ და დიდ ვაშლს, გრძელყუნწიანს, ნელა ხატავდა,
  • როგორ, სუყველა? - ისე-რა გაიკვირა სანდრომ.
  • სუყველა არა. დაახლოების შემდეგ ხდებიან ერთი. - მტკიცედ თქვა ნიკომ.
    შამხათმა კი მთვარის გრილ შუქში დიდი თვალებით დაიხედა, თქვა: „ჰგავს, კი“, და მოერე ძუძუც პეშვით შეუშველა: „ამაზე კი ლეღვი დამახატე, მონადირევ“, მაგრამ მონადირემ ლეღვის დახატვა არ იცოდა,„გველი შემომავლე მაშინ“, თქვა შამხათმადა, გადაიფიქრა: „ზედ არ დამაკლას გველლლის ხატება იმ ველურმა“, ჰკითხა: „ველურისათვის, არ აჯობებს“, მონადირე კი, დაიხარა და, შამხათს ძუძუზე მიადო ყური. ასე დახრილი იდგა, ეძიებდა, მაგრამ წარმოდახვისათვის ხელს უშლიდა შამხათის გულისცემა და ხორცი.
  • როსკიპებიც რომ აღარ არიან, - დანანებით წარმოთქვა ნიკომ და ტახტზე გადაწვა, - როსკიპი ადრე ქალური საქმის ქალ-ხელოვანს ნიშნავდა თურმე, მოგინდებოდა? - დაგაამებდა, თან დაგცლიდაც და, დაგანაყრებდაც, ყოვლად უსიტყვოდ გაგეცლებოდა მერე, ახლა კი, ქალური საქმის თვით სულვერმცოდნეც, ასე მეორე, ან მესამე დღეს: „ცოლად მამიყვანე, რაა?..“ - გეტყვის.
    მონადირე კი ნელა გაიმართა, სავსე მთვარისკენ შემობრუნებული ქალისათვის ისევ მხარზე დაედო მარცხენა და, მჭახე თითები უღვივდებოდა, მერე ორივე ხელით თვალებთან ახლოს მოიმარჯვა იმისი ბევრხელნანახი ძუძუ, არეულმა ჰკითხა:
    „ნახევარმთვარე რომ დაგახატო, როსკიპო შამხათ?“ - და დაეწაფა,
  • რა მაგარია ზურა კიკნაძე, - თქვა უცებ ნიკომ, - ზურაბ კიკნაძე – ნაღდი მხეცია,
    მაგრამ შამხათმა მონადირის ხელები და ბაგე მოიშორა, უთხრა: „ძნელი დღეები მელის. დასვენება მმართებს. შენ კი ნახევარმთვარე დამასვი მკერდზე. მიდი“.
  • ვინაა... - დუნედ იკითხა სანდრომ.
  • როგორ თუ ვინაა?!. შენ რა – გილგამეში არ წაგიკითხავს?
  • არა. - თქვა სანდრომ. არ ტყუოდა.
    პირმოკუმული, ახლა ყვითელი საღებავით ირჯებოდა მონადირე, - შენ და, გილგამეში არ წაგიკითხავს? - წამოდგა ნიკო, - არ გადამრიო... რატომ!
  • რა ვიცი... რაღაც, ვერიდებოდი.
  • კი მაგრამ, რატომ.
  • არ ვიცი. - არ იცოდა და...ისე, მართლა ერიდებოდა,
    ისევ გულაღმა იწვა შამხათ და, საღებავები ზედ აშრებოდა, მონადირეს კი, იმის დამხედვარეს, კვლავ ჩორეული ჩამოესმა: „სანთელი გუამისაი არს თუალი“, და ისევ შეეშინდა, და ისევ გოგრის ფოთლებში ჩაწვა, ეძინა იყო თუ რა იყო, უცხო ხილვები შემობურვოდა,
  • და არც შენ არ წაგიკითხავს?
    მაგრამ გარე ბიძაშვილი ეტყობა სულ სხვა რამეზედ – ჰფიქრობდა, რადგან:
  • ნეტა კანფეტებს წყალქვეშა ნავშიაც არ ირიგებიან? - იკითხა გარე ბიძაშვილმა, ყმაწვილი იყო რომ, რომ, როგორც უქმე დღე, ოღონდ თავისთვის – სარგებლიანი, სანდროს კი არ უყვარდა უქმი დღეები, ღულელებიდან თუ გამოჰყვა ალბათ, რადგან იქ არად დაგიდევდნენ შაბათ – კვირასა თუ მელიორატორის დღეს, იქ უთენია იღვიძებდა მთელი სოფელი, რიჟრაჟისთანავე დინჯ ყალყზე დგებოდა, და მამლის პირველ დაყივლებისთანავე ნელი და რუხი ჟრიალი დაუყვებოდა ხოლმე მთელ სოფელს, დღე – ახლა იყო, და ცისპირა წყნარი ხეები უფრო ბჟუტავდნენ, და მძაფრი, მძაფრი, მძაფრად უტყვი მოლოდინი იდგა რომ – სუყველაფერი გრძელი დღისაკენ ჯერ მოიისფროდ და მერე რუხად, ნაცრისფრად დაძრულიყო და, გარდაუვალი, - წყნარის ძლევამოსილებით მოდიოდა და ამ ყოვლისმომცველი დაძვრის წინაშე არამცთუ ღამის ძაღლები აღარ ეყეფებოდნენ, ღელეც კი თითქოს იტრუნებოდა, და მხოლოდ თავწაწვდილი ჭრელი მამლები მანათობელის დინჯ ამოგორებას სულ ყელჩახრინწვით ეხმარებოდნენ, სხვაფრივ კი – ვრცელი მოლოდინი იდგა, და უცებ ჩიტთა შორის ყველაზე სხარტი ჯერ მაინც რიდით, დიადი ნებართვის მცირე მაძიებლივით მორიდებით და მოკლედ შესტვენდა, და, აჰყვებოდნენ, აქ, იქ, შორს, აქვე, მერე ნელინელ ებერებოდათ ციცქნა ფილტვები, ყურის წამღებად, სანეტაროდ ჟრიამულებდნენ, და იმათ სიხარულა – კრებულს სისავსისაკენ როგორ ერთვოდა ძროხის ზმუილი, თხების კიკინი, და რძის ჩხრიალი, და ბატ – იხვებისა და ინდაურების, ღორების, თეთრი ცხვრებისა და შეშის დაპობის წერტილოვანი ხმა, და მაშინ, სანდროს ბალღობისას ბევრი ცხენი დაჭიხვინებდა ღულელებში, და ამ უცხოდ მშობლიურ ბუნების კრებულს თბილ და ღუღუნა ლოგინში გატრუნული, თვალდაჭყეტილი ისე, თითქოს თვალებით ისმენდაო, ისე უგდებდა შეუჩვეველ ყურს ქალაქელი ბავშვი... ნასაუზმევს კი, თავის კბილა სინკოს მოხალისედ მიჰყვებოდა მინდორში, ჭუკების მოსამწყემსად.
    გოგის კი მაშინ, ადრეულ ჯეილობაში, გვიან – გვიან ნებავდა გაღვიძება და, იმის ნაცვლად რომ, მაშინ მაინც წამომხტარიყო, გაყუჩებული, დუნედ იწვა. და, სწორედაც რომ საკვირველი – ჯერაც არასრულწლოვან გოგის მთელ ღულელებში ყველაზე მეტი შრომადღე ჰქონდა, რადგან ასე კვირაში ორ – სამხელ, ცხენებს ხედნიდა, გახედნაში კი – მთელ შვიდ შრომადღეს უწერდნენ სოფლის ფარღალალა კანტორაში. თანდაყოლილად ჩაუქი იყო..
    მერე, უქმად წოლა რომ მობეზრდებოდა, კედლიფან ჩონგურს გადმოიღებდა და გულზე არხეინად იჩხაკუნებდა. მერე, ესეც რომ მობეზრდებოდა, შილიფად გამოდიოდა ეზოში და ამაზე კარგი გასართობი?-სუსტი წკნელებით შეიარაღებულები, სინკო და სანდრო, ხუთდაექვს წლისანი, ჭუკების მიდორში გასადენად ემზადებოდნენ.
  • საით გაგიწევიათ, კაცებო? - ისე ალალად იკითხავდა გოგი, გინდაც არაფერი სცოდნოდა.
    სინკო თავს შემართავდა და ამაყად იტყოდა
  • ჭუკები უნდა მოვჰმწყემსოთ.
  • ჰეეი, აჰაა, ჰაა...- დიდმნიშვნევლურ თავის კანტურს მოჰყვებოდა გოგი,- ემანდ არაფერი მოიწიოთ,- და ვითომც იმათ ძნელ ბედ- იღბალზე დაფიქრდებოდა.
    მერე:
    აბა, შენ იცი, ალექსანდრე. მინდორ- ველად ათასი რამეა ჭუკების მტერიდა...
  • მტერი არა ისა...- ჩაიბუზღუნებდა სინკო. ძმის ხრიკებს ცოტა ბუნდოვნად, მაგრამ ხვდებოდა.
  • შენ მანდ დასჩუმდი, ბალღო. შენისთანაებს წაუგიათ რო თავი...
    სინკო სჩუმდებოდა.
    გოგი კი საქმიანად განაგრძობდა:
  • თუ გინდათ, ხალხნო, ხიფათს რასმე რო არ გადაეყაროთ, მხარმარცხნივ უფრო ხშირად უნდა იყუროთ, ხალხნო...
    მხარმარცხნივ არა ისა...
  • დახეთ, დახე რო აღარც მიჯერებს? შენ ისე მოგდის, ბალღო...აი, შვილიშვილიო, პაპასაო... ეე... დიდედასაო წინდების ქსოვას ასწავლიდაო. მაშ.
    სინკო და სანდრო ტყუილად იდგნენ, აბა იმათი ასე გაცდენა შეიძლებოდა?
  • ეგ რაღა არი?- შეიცხადებდა უცებ გოგი,- ეგ რაღად გინდათ, ადამიანო!
    სინკო ჯერ სდუმდა. მერე ამბობდა:
    -დანასობანას ვთამაშობთ. სხვა რა...
  • ჰოიი!.. ეგ არ ენახათ ჩემს თვალებსა და...- და თოხით ხელში მომავალ დედას რომ შენიშნავდა, ახლა იმისკენ იბრუნებდა პირს:
  • დედი, ჰხედავ, დეედ?
  • რასა...- იბნეოდა დეიდა ერმონა, მაგრამ იმართებოდა და თოხს მეორე ხელში ინაცვლებდა.
  • აბა ამათთვის დანის გატნევა შეიძლება? ვინმე ქალი არ გამოსტაცონ გზა-გზად მგზავრებსა. ამათ ეხლა უდუღთ სისხლი. დეიდა ერმონა კი ტყუილად შემართავდა უთოხო, თავისუფალ ხელს და დაუცაცხანებდა:
  • იი, მცონარავ, მცონარავ, ძილის დამქაშო.
    გოგი კი ვითომც დარტყმის ასარიდებლად განზე გახტებოდა და,
    იცინოდა, იცინოდა, კვდებოდა სიცილით, და ესის გოგი, ჩვიდმეტი წლისა მაშინ, ხანდახან, ჩამობნელებულზე, საოცრად გამკაცრდებოდა ხოლმე, დაბამბულ, ბასრკბილებგაუმტარ შარვალსა და ჯუბას ჩაიცვამდა, ნაჯახს დაავლებდა ხელს და, მგლებიან ღამეში, ტყე - ტყედ ეძებდა გზააბნეულ ძროხას. ახლა კი, ღულელურ მადლიან დილით, ის რომ გრძელ და ლაღ სიცილს მოამთავრებდა, სინკო და სანდრო უკვე მინდორში იყვნენ. სინკო არხეინად მოირთხამდა ფეხს, სანდროს კი, ალბათ გოგის სიტყვების რაღაცა სუსხი გამოჰყოლოდა, რადგან ბალახზე დაჯდომისა ერიდებოდა და, სინკოს ხმადაბლა ეკითხებოდა:
  • აქ, გველი იცის?
  • აქ გველს რა უნდა, ადამიანო, - დინჯად ამბობდა სინკო, - მდინარის პირას იცის ხოლმე.
    მართლა?
    მართლა, ამას წინებზე, - და ხელებს შლიდა, - აი, ამსიდიდო მოკლეს.
    და მაინც, მაღალ ბალახში თუ გაივლიდა, და დიდობაშიც, მერეც, მუდამ გველზე დაბიჯებისა ერიდებოდა. თუკი ცხელოდა, ამბობდნენ რომ, მზის გულზე უფრო გამოდიოდნენ, დიდი მზის გულზე, უდაბნოში მიაბიჯებდა შემოსილი როსკიპი შამხათ, მონადირე კი წინ მიუძღოდა და ორი ჯოხით გველებს უფრთხობდა, ისევ გამოჩნდა მერე მდინარე, ცხელ – ზაფხულობით მდორე და წყნარი, და იქ გატეხეს პური და ყველი, ევფრატიდან წყალი დალიეს, და მონადირე გაკვირვებული შესცქეროდა იმ ვრცელ სიცხეში შემოსილ შამხათს, ვინაც ტანსაცმელს სიგრილეშიაც ვერე გუობდა, შამხათს კი მონადირის გაკვირვება შეეცოდა, და თქვა:
    „თეთრი მინდა ვიყო “,
    და აქეთ – იქით დებივით ალალად რომ მიიძინეს, გათენების ხანს მონადირე შეკრთა, წამოდგა, ეჩვენებოდა თუ – წყნარ მდინარეში მუხლამდე ჩამდგარიყო როსკიპი შამხათ, და ბაცად-ბაცი ვარსკვლავებისკენ მიეპყრა პეშვი, რომელზედაც რომ რაღაცა უჯიშო ქვა დაედო და, ქვა კი, თანდათან, მრგვალ იაგუნდად სხვაფერდებოდა, რაღაც ჩურჩულიც მოესმოდა ტლუ მონადირეს, შამხათი იყო, მდინარე იყო, ვეღარ გაეგო, თეთრმა როსკიპმა კი მკრთალ ნეკნებზე შეიცნო მზერა, ნელა შემობრუნდა, თქვა:
    „ფრთხილად იყავი“,
    და მონადირე ძრწოლაჩაღვრილი დიდი თვალებით ხედავდა თუ, როგორ სასტიკად აღმართულიყ სწორედ მის თვალწინ ყალყზე შემდგარი ბრტყელთავა გველი და, მზერდქცეული, სიკვდილივით გაქვავებული, მხოლოდღა ენას ასავსავებდა, და მონადირეს თვალის უნებურად დახამხამებისაც კი, ეშინოდა, რადგან იცოდა, ურჩი სხეულის რომელიმე სიპაწაწინე შეერეოდა და – სწორედ იქ ჩააფრინდებოდა ყვითელკბილება გველი, ისიც იცოდა, ასე, უძრავად, დაუნდობელი უფრო გაძლებდა, მაგრამ თავადაცა და გველს უცებ უბრალო, მაგრამ იდუმალებით გაჟღენთილი სიტყვები რომ მოესმათ:
    „აქეთ შემხედე, აქეთ შემომხედე, ჰეჰ“,#74ff4e
    გველი მოდრკა და, შამხათისკენ იქცია თავი, მერე ნელინელ თიხნარზეგაწვა, და გასუსული კვლავაც მონადირე მხოლოდ თვალის კუთხით გრძნობდა თუ, როგორ იცვამდა რუხ სამოს შხამათ, მერე, დახრილი, მიწის რთულმკვიდრს, დაბლა მღოღავს, ჭარბთანხმოვნებიანი უცხო აზრებით თან გრძნეულად, და დამყვავებლურად ესიტყვებოდა, მერე ბრტყელ თავზე დაადო ხელი, მეორეთი კი იმ მკვიდრ იაგუნდს მცირე ცომივით, მიწაზე ზელდა, და ორთავე ნაზი ხელისგულით, უსულოსაცა და ძნელსულიერს, უტყვად თრგუნავდა, და ვარსკვლავები აღარ ჩადნენ, რომ გაიმართა და, ის იაგუნდი ფეხის ნეკათი ფრთხილად, ფაქიზად მიუმარჯვა, და გასაგებად, მონადირის ენაზე უთხრა:
    „წადი, იარე“,
    და მადლიერმა გველმა ერთი კი ძაან ამოხედა და, ბრტყელი თავის კვრით, იაგუნდს წინ - წინ იგორებდა და მიმოხვეულად მიჰქონდა სადღაც, აიმ სისხამზე გველს რა უნდოდა!, მონადირე კი, ღონემოხდილი, მიწაზე იჯდა. იკითხა, მერე:
    „შენ.. ნამდვილი ხარ? “
    „მგონი. ცოტათი“
    ყოვლად დამაჯერებელი კი გარე ბიძაშვილი იყო, ქალებს რომ მზერას გააყოლებდა – მაინც... ფაძინებულიც – ასევ. დაძინებმდე, ოცდათხუთმეტს რომ გადასცდა, ღულელებში იშვითადღა ჩასული სანდრო აუცილებლად ავიდოდა ხოლმე გოგის ახალი დიდი სახლის ზემოთა აივანზე და, სიგრილეში, იდგა, იდგა, იცქირებოდა. ნათურებჭაღიან სახლებს ჩახჩახი გაუდიოდათ ღამეულ სოფელში, ეზოებშიც კი ბდღვიალებდა დიდი ნათურა, მაგრამ სანდროს – ფიქრო ცოდვილო და – ის ღულელები, გაჭირვებული, ბევრად ერჩია, ჭრაქებითა და სანთლებით მოიდუმალოდ აბჟუტებული, ხოლო ორიოდ შეძლებული, ხოლო ორიოდ შეძლებულ ოჯახს თვით ნავთის ლამფაც კი ხელეწიფებოდა, ძირითადად კი სანთლებიანი ღამისპირა სოფელი წყნარად, ციაგით იღვენთებოდა, ახლა კი ვეღარც გაიგებდი, სად ეძინათ და სად – არა, და გარდასული ბავშვობის საძიებლად ჩამოსულ სანდროს გული და ყელი ეკუმშებოდა, რადგანაც მაშინ, ბავშვობაში, იყო და ახლა კი აღარ – კალო, იყო წისქვილი და ახლა – სამუდამოდ ჩაქცეულიყო და მოყავისფრო დიდ სადღვებლებში აღარ აკოწიწებდნენ კარაქს, და, სოხანეზე ვეღარ დაიარებოდნენ, ხოლო პარკეტი, სანდროს აღქმით, აღარ იყო ხე, და მაინც, სანდროს მკვიდრად და სამუდამოდ ჩარჩენოდა ის ღულელები, როცა ღობე უფრო იყო ღობე, და ბლის ხეც კი თითქოს უფრო იყო ხე, და ძველ შინაურ ხეებთაგან დეიდა ერმონას ეზოშიღა ტვრინავდა ის ერთი ვაშლი, პეტრე-ექიმის ხათრით რომ არა სჭრიდნენ, და, კიდევ კარგი, ალაგ – თონე შერჩენილიყო, ხელოვნურად განათებული სოფელი თვალს ტკენდა და, აივანზე გამოსული სანდრო მგელივით სუ ტყისაკენიცქირებოდა, სადაც ისევ ფშვინავდა საშიში და ძველი ხუბაბა, და თუმც სანდროსავით ცოტათი ისიც შემელოტებულიყო, მაინც ძველებურადვე იფარებდა მგლებს, და, ყველაფერზე მეტად კარგი, რომ მექანიზატორებსა ა კანტი-კუნტაებს გარდა აქ ისევ ისე იმ შეურყვნელ, ისეთ უნებურ და გულის ქართულს ლაპარაკობდნენ, რომ სამშობლოთი ძლიერ შეგძრავდა, ღულელები – ეს მისი სამშობლოს გამმორჩეული ცრემლი იყო, უფრო – კურცხალი, რადგან სწორედ იქ აღსადგენელად დაეძებდა თავის ბავშვობას, ხოლო ბავშვობა, მოგეხსენებათ...ეე... - კარგი იყო.
    და სანდროს კიდევ ერთი ბავშვობა დაჰყვა, ღულელებისგან მკვეთრად გამორჩეული, სულ სხვაგვარ ხალხში, და ვერასოდეს დაიდგენდა თუ – რომელი რომელს სჯობდა. თუ ღულელების გახსენებას ბინდისმიერი რამ, ნაღველნარევი სილამაზე ახლდა, იმ სულ სხვაგვარ ხალხს მუდამ ჭრელი მზე დასჩახჩახებდათ, და სუყველაფერს, სულ ყველაფერს სიცილი და ხუმრობაერჩიათ, იმათ გაუხუნარ ნათელად დასდგომოდათ თავთ თუმცა მარტივი, მაგრამ მკაფიო „გიხაროდენ“ და, გარდასახვის ნიჭით ცხებულებს, სხვათა გაკილვის საშუალება ათასში ერთხელ თუ შემოაკლდსბოდათ, ერთიმეორის გამოჯავრებაც დიდად შეეძლოთ, იმათ ისეთი რა უნდა გაჭირვებოდათ, რომ არ ეხუმრათ, ნეტა დედამიწის ზურგზე სადმე ხუმრობდა და იცინოდა ამდენს სხვა ხალხი? აჰ, არა, არა, ალბათ ნაღდად არა.
გაგრძელება...
Sort:  

Oh my god greatly written a long post.

This is not a long post. This is a novel (Part 2).

If you can not read Georgian, you should not comment "nonsense".

Sorry, don't want to be rude.

ისე, შენ უნდა მიგეწერა: "რაი?"

მაგას ზღარბის მოტყვნევინება სჯობდა :)

ეუფ,

დაიწყო ისევ ზღარბების თემა? ათვლითურთ?

ათვლა აუცილებელია :)

ჰოდა მაშინ 13 ზღარბი, ცამეტივე ატეხილი :)

მეთოთხმეტეც აქ არის და მეთხუთმეტე გზაშია.

ოპააა! ზღარბები გაიჩითნენ :)

წავიდა!

Coin Marketplace

STEEM 0.35
TRX 0.12
JST 0.040
BTC 70884.24
ETH 3570.27
USDT 1.00
SBD 4.76