გურამ დოჩანაშვილი - / იქამდე - თავი II ნაწილი 5 / - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

in #georgian6 years ago (edited)

იქამდე

თავი II (გაგრძელება)

იქით წადი, აქეთ მოდი, სანდროსთვის სამადსამი ცნება უუმთავრესი იყო – ბავშვობა, თავისუფლება და სიყვარული.

მაგრამ ბავშვობა რა... - ჩავლილია, თავისუფლება რომელ ერთს უგემნია სიცოცხლეში, სიყვარული კი, იმ სიმღერისა არ იყოს, ძნელი რამ გახლდათ, შეშინებული მონადირე ტახტქვეშ ძლიერ გატრუნულიყო, რადგან უამური სიტყვა - „ფრთხილად, ფრთხილად,“ წამდაუწუმ ჩაესმოდა და ეგონა თუ, ალყაში მოქცევას უპირებდნენ, და ეს ვის მერე – მონადირეს, „კარგად დაუჭირე თავი, ფრთხილად,“ - რა თავი, რის თავი, ახლა მონადირე ცარიელაღა დახუჭული თვალები და დამფრთხალი გული იყო, „ფრთხილად, წყალი არ გადასცდეს, ფრთხილად,“ - რა წყალი, რის წყალი, ტახტქვეშ კი არა, ყლუპი რომ ყლუპია, იქაც, წყაროსთანაც კი არ უგემნია, „ჩეემი სიცოცხლე...“ როდის იყო რომ, დევნილს ასე ეფერებოდნენ, და მონადირემ ფარდაგი ასწია, თვალები უფრო დაახილა, სულ იმისათვის არა სცხელოდათ, ჰეჰ? - ჩვილს აბანავებდნენ, და დედის ფაქიზად ნათელს ისე, სხივივით, თითებს, გაკვირვებული დასცქეროდა ტახტზე შემდგარი მონადირე – ერთი უბრალო ოქროს ბეჭედი რაა, ისიც წაეძრო დედურ თითიდან და, მეტის სიფრთხილით, აკი ავიც არა ყოფილა?,,ჩქარა, თქვენ რა კამეჩივით ირჯებით, დეედ,“ - ისეც მოკაკვულ ბეჩავ დედამთილს ზედმეტები დააყარა, რადგანაც იმას ყავისფრად მორჩილ ხელებზე უკვე გადაეფინა ხამი აბრეშუმი და, რახანი იყო, ყუჩად აწვდიდა,,,შეაშველე, ჰაა“,,,ნეტა მეც მბანდნენ?“ - შურით გაივლო მონადირემ, -,,ალბათ“.,,ჭრაქი მომინათე, ჭრაქიი, დაჰყრუვდი, ქალო? ჩეემი სიცოცხლე...“ კარგა გახვეულ-გამოხვეული ბავშვი კი უკვე ცხვრის ტყავში იწვა, და ციცქნა სახე მრგვლად უღვიოდა ჭრაქის მფრთხალ შუქზე, და ისე მაგრად მოეკუმა თვალები და ტუჩები, ცხრამთისიქითა ძილისას მხოლოდ აიმათ რომ იციან და, სამაგიეროდ, ნესტოებ—დიდად-დაცქვეტილი, საღი იყო რომ? „ჩიტო, ჩიორავ... ვარდოო,“ ეძინა, იწვა... და მონადირემაც კი, უცხომ, მოფერებით წაიჩურჩულა: „ერთი რამცა სულიერი...“

  • სიყვარული არა...ეე... - შეფერხდა ნიკო და ხელი ჩაიქნია.

  • ტოროლა? - შეაშველა გარე ბიძაშვილმა.

ნიკომ ალმაცერად გახედა, და ისევ სანდროს მიუბრუნდა:

  • რაღადროს სიყვარულია. გაკეთდა ქვეყანა.

და, გაბრაზებით ალაპარაკდა:

  • შვილი თუ გიყვარს ადამიანს, დიდი ამბავი, სამაგიეროდ, სულ ოთხკედელშუა გინდა რომ გყავდეს, ოთხკედელშუა სიყვარული კი, მიმიქარია, თუ გეჩვენება რომ ქალი გიყვარს, არავინაა შენსავით ბრიყვი ისე იქცევი და ისეთებს ამბობ, საქმე თუ გიყვარს, უბრალოდ, უსაქმურობას გირჩევნია, მუსიკა თუ გიყვარს, საკუთარი თავი გიყვარს, რადგან ან გართობს და ან გამაღლებს და თავი თუ გიყვარს, ოო, ყოჩაღ.

  • მე ჟანა მიყვარდა,-თქვა გარე ბიძაშვილმა,-მაგრამ ქალიშვილი იყო.

რა იყო მაინც, რამ გააღიზიანა ნიკო ასე ძალიან ბოლო დროს მაინც,

  • „საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ“

კი არა და, აღარაფრისა სჯეროდა, ხელჩაქნეული, თავისთვის სდუმდა, წიგნიც კი აღარ უნდოდა და, მითუმეტეს, აღარც თეატრი, მაგრამ ხანდახან ფეთქდებოდა, ის დაგუბებული ბოღმა რომ არ გადმოენთხია, დაიხრჩვებოდა, ადამიანი,მერე ისევ შესაბრალისად დადუმდებოდა, და ახლობლები ჩუმი განგაშით შეჰყურებდნენ კეფასა და ზურგზე.

„რამეთუ მრავალნი ცრუ – წინაისწარრმეტყუელნი განსრულ არიან სოფლად“,

სანდროს კი მაინც ბევრი რამისა სწამდა. რისა და რისა, ყველაფერს სწორად ვერც იტყოდა, მაგრამ რაღაცეებისა ბრმად და შიგანით მაინცა სწამდა. თუნდ ბავშვობისა, ჰეეჰ, თუნდ მხოლოდ ერთი რამ მცირე მონაკვეთი წარმოსახვოდა, როგორ ალალად ეღიმებოდა – აჰ, შაბათ - საღამო, როცა დეიდაკატუტას კარგ სამზარეულოში ნათესაობა იკრიბებოდა, და ახლაც, ორმოცი წლის შემდგომ, როგორ მკაფიოდ, და რა ნათლად ხედავდა იმათ ახლობელ სახეებსა და მიმოხვრას, ძირითადი შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დეიდა კატუტას ქმარ-შვილი, მეუღლესავით წყნარი და პეთილი ბესო ბიძია, და მათი ქალიშვილები

  • მშვიდი, დალაგებული, ფრიადოსანი ლია, და ცელქი და მხიარული სამოსანი ნანა; დეიდა ჭაპულა ლიასავით მკაცრად ლამაზი ქალიშვილით - მედიკოთი და ქმრით - ბიძია ვახტანგ ცქიტიშვილით სრულად არ იყო წარმოდგენილი, რადგან მისი უფროსი, ვაჟი, გივი უკვე „დიდი“ იყო და სამზარეულოში, თუნდაც კარგში, ყოფნა დიდადარ ეხალისებოდა; დეიდა მერია თავისი პატარა ზურიკოთი, ძალიან დედისფერი, ჩახჩახად მწვანე თვალები ჰქონდა, ზურიკო, ვისაც მამა ჯერ არ ენახა, რომ დაიბადა, მამამისი უკვე ფრონტზე იყო, მერე კი, ომი რომ დამთავრდა, უნებური ტყვეობისათვის სადღაც გადასაკარგში, სწორად რომ არა-საქართველოში იხდიდა ძალიან გრძელ სასჯელს და როგორ ჟღერდა ახლაც, ორმოცი წლის შემდგომ, პატარა ზურიკოს მაშინდელი ხშირად ნათქვამი: „ მამას გეფიცები “, - მაგრამ ბავშვური მიხვედრით მხოლოდ ნათესაობაში ბედავდა ამას; ბიძია ლევანია ღოღობერიძე, ბიძინას თბიოისელი ძმა; წარმოგიდგენიათ?- იმ თავისი ძმის პატრონი და, ჩუმი და უთქმელი კაცი, ოღონდ, როგორც ყოველი ღოღობერიძე, აჰ, ის მღეროფდა? და მისი ვაჟი, „შეჩვენებულობის“ ვრცლად იმედის მომცემი ჭაბუკი ვალოდია, თვით „დიიდი“ ვალოდია ღოღობერიძის ღირსეული სეხნია და შვილიშვილი, ისე-რა, ხან შემოივლიდა და ხან არა, მაგრამ მის ირგვლივ ყოველივე მუდამ მხიარულად ფეთქდა; და სანდრო, თავისი ლამაზი ბებია ფაცათი და ბაბუათი – ყოფილი „კნიაზითა“ და „აფიცერ“ -ით – მკაცრი, შემართული, დინჯი სილოვან ემხვარით, თვალ-ყურად ქცეული იდგა ხოლმე და ბებიას მხარზე ეკვროდა.

ესენი იყვნენ.

მართლა, გიტარა!..ეს ბაფთიანი დამქაში პატარა ნანას მკვირცხლ თითებში ისე ყოჩაღად აჰყვებოდა რატომღაც მხიარულად ნამღერ „სანთელივით დავდნები“-სა და „ცოლი გადამერია“-ს, საკვირველი იყო სწორედ. როგორ საოცრად, რა ბუნებრივად ეთანხმებოდნენ ერთმანეთს პატარა ნანას, ლევანია ბიძიას, დეიდა ჭაპულას ხმები, „მეისპე შენ“, აღფრთოვანებით ამბობდა დეიდა მერია და ნანას ლოყაზე მაგრად ისე რომ, ნაკვალევიანად კოცნიდა, „რა გვაქვენ მეტი საქმე“, ამაყად პასუხობდა პატარა ნანა და სანდრიკოს შუბლზე წკიპურტს ურტყამდა, სანდრო მაშინვე იფეთქებდა და მაგიდის ქვეშ შემძვრალ ნანასკენ ძალიან მიიწევდა, მაგრამ ბებია ფრთხილად, მაჯა რომ არ ეტკინებინა, ისე აჩერებდა: „კაი ახლა, გოგოს უნდა აყვე? ბიჭი ხარ...“ და დეიდა მერია, - რა წკლიპურტი უნდა დაგარტყას ახლა მაგ გლახის ჭიამ ისეთი რომ, - და პირდაპირ ყელის გამოწიწკვნაზე გადადიოდა: „შენი ჭირიმე, შენი ჭირიმე რა, ვახტანგ...“

და, რომ აჰყვებოდნენ:

  • კაი, რა, კაი ახლა ვახტანგ,

  • მიდი რა, შენი ჭირიმე, მიდი,

  • გაფიცებ ყველაფერს,

სამდრო შოშმინდებოდა, იცოდა კარგად, რა სანახაობაც მოელოდა – რა და, ვახტანგ ბიძიას გამოგონილი ერთ-ერთი „მინი-სოლო“ სკეტჩი.

ვახტანგ ბიძიას სიცილისას თვალები დეიდა ჭაპულესავით ძალიან ეჭუტებოდა, თუმცა მსუქანი სულაც არ გახლდათ. მაგრამ ახლა ნაძალადევად მოწყენილი იჯდა, იტყოდა:

  • ვერა.

ფორიაქდებოდნენ:

  • რატო, რატო ვახტანგ!..

  • რატო შე კაცო...

  • რა დაგემართა?!

ვახტანგ ბიძია იდაყვზე ნელა დაიხედავდა, შეძლებისდაგვარად თვალებთან ახლო მიიტანდა და, - დაჩერებოდა; მერე ხელს ისევ ძალიან ნელა გაშლიდა და,

გაწვალებულ მომლოდინე საზოგადოებას იდაყვის გავლით მიმართავდა:

  • ვერ ვარ ხასიათზე რაღაც.

მაშინვე მიაყრიდნენ:

  • მოხვალ, მოხვალ!

  • კაი ახლა, კაცო,

  • პუშკინი არ იპრანჭებოდა მაგდენს,

  • ჭაპუნა მოგიკვტნეს თუ არ...

  • და ის ყოვლად უბოროტო, ყოვლად „მოგიკვტნეს“, თავის მაინც სჭრიდა რადგან:

  • რომელი გინდათ...

ოო, აჟრიამულდნენ, გარსშემოხვეულნი, ყოველს მხრიდან ეხვეწებოდნენ, მხრებზე ეჯაჯგურებოდნენ, თავ-თავიანთკენ ექაჩებოდნენ და ერთმანეთის ხმები რომ გადაეფარათ, ზოგიერთები ლაშის შიგ ყურში ჩასძახოდნენსასურველ შეკვეთას, იმ არეულ-დარეულობაში მხოლოდ დინჯი სილოვან ემხვარი იჯდა თავისთვის – გამართული, ღირსეულად და წყნარად.

  • საპარეკმახერო, საპარიკმახერო ვახტანგ!

  • საპარიკმახერო აგერ ახლა ამასწინებზე არ დადგა?

  • ვერის აბანოში!

  • ბოვშები აქ!

  • მაშინ სტალინს უყვარდა ბავშვები, დადგი!

  • გვიკრავენ საცხა თავს!

  • მაშინ... ცალხელა მუზიკანტი?

და, ყველანი ერთხმად აიტაცებდნენ:

  • ცალხელა მუზიკანტი! ცალხელა მუზიკანტი დადგი!

და ვახტანგ ბიძიაც – გრძელი ხალათი ეცვა, ჰქონდა ამას მნიშვნელობა – განაცხადებდა:

  • სანდრიკას ქუდი მომიტანეთ აბა.

და სანდრიკოსაც, ფაცა ბებიას ხათრით გამნიშვნელოვანებულს, სხვა რა უნდოდა – მაშინვე დერეფანში გამოვარდებოდა, დგრიალით ჩაირბენდა ხის კიბეს, გზად კინაღამ გადააქცევდა რომელიმე შემხვედრ მეზობელს – ან ოლია თაბაგარს, ან მარგო გეგუჩაძეს, ან მარუსია ვოლკოვას ქალს, ან ბეჩავ მარი მარშანიას - „რამ გადარია...“, „რამ შეშალა...“, „სარვალსა შტო-ლი?“ - და დიდი, ძველი, დალოცვილი სახლის მიმოხვეულ დერეფანში აწყვეტილი სირბილით შეიჭრებოდა ხან მარჯვნივ, ხან მარცხვნივ, სისწრაფე რომ არ დაეკარგა მოსახვევებში ხელის გულსურტყამდა კედელს, მერე ბოლო ხუთ საფეხურს ერთბაშად აახტებოდა და სხვენის ერთ-ერთი უსამზარეულო იმ ოთახის, ის, ბებია და ბაბუა რომ ცხოვრობდნენ, იმ მუდამ უბოქლომო კარს, სანახევროდ მინისა რო იყო, ისე მოულოდნელად შეგლიჯავდა რომ შემკრთალი მონადირე ძლივსღა ასწრებდა მაგიდის ქვეშ დამალვას, სანდრო კი თავისი სასკოლო ფორმის ქუდს, რკინის ნიშნება „თ1ს“ - ანუ“ თბილისის პირველი სკოლა“ კოკარდათ რომ ესვა, იღლიაში ამოიდებდა და რატომღაც ისე დინჯად და საქმიანად გაუყვებოდა აღმა-დაღმა კიბეებსა და დერეფნებს დეიდა კატუტას ბინისაკენ, რომ მონადირეს სხვა რა დარჩენოდა, უჩუმრად აედევნებოდა და უკვე მოხურული კარგი სამზარეულოს კარის ჭუჭრუტანაში გაფაციცებითიცქირებოდა.

ვახტანგ ბიძია კი უკვე შემზადებულიყო – ფართო ქამარი შემოეხსნა სა ნაკეცებჩაშლილი გრძელი ხალათი ლამის მუხლამდე სწვდებოდა, ამონთავისუფლებული მარცხენა ხელი სადღაც წელთან ჩაემალა და ცარიელა სახელო სუსრად უკონწიალებდა, მოკლედ, „ცალხელა“ უკვე იყო, მაგრამ მთავარი რამ, „მუზიკანტობა“, ჯერ კიდევ წინ ელოდა და გაფაციცებით ელოდნენ, დამხმარე საშუალებებს როგორ მოირგებდა. მხოლოდ დეიდა ჭაპულა იჯდა თავდახრილი, ქმრის წარმატების მღელვარე მოლოდინში, და ნეკა-თითით ტახტის ფარდაგზე უჩინარ წრეებს ნელა ხაზავდა, ის.

  • მეტსაც გეტყვით, - თქვა გარე ბიძაშვილმა, - ჯერ კიდევ ტექნიკუმში, სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდა.
  • და მაინც გათხოვდა, არა? - ჩაეღიმა ნიკოსაც კი.
  • აბა!

ვახტანგ ბიძია თმას შუბლზე ჩამოიშლიდა, სანდრიკოს კოკარდიან ქუდს უკუღმა იხურავდა, ასე რომ „ თ1ს“ კეფაზე აჯდა, ქუდი ძალიან ვიწროდ ჰქონდა, და უკვე ცოტათი ესეც იყო ღიმისმომგვრელი, იტყოდა: „ საკრავი მომიტანეთ“, და ყველანი ნანას დაუცაცხანებდნენ: „ არიქა გოგო!... მიდი ჰე, ფანქარი!, “ ჭუჭრუტანისკენ მოკაკვული მონადირე კი ფიქრობდა: „ რა საკრავია ნეტავ,“ „ მიდი შე შეჩვენებულო შენ... არიქა, ვერ გადადგა ფეხი!... მიდი შე ბოთე... “, პატარა ნანა კი სუყველას ჯინზე ხაზგასმულად ნელა გამოაღებდა ოთახის კარს, მერე ასევე დინჯად მიიხურავდა, მიაძახებდნენ: „მაგრად ჩაკეტე, მაგრად... შემოგიცვივდებიან ყაჩაღები“ - ერთი სული კი ჰქონდათ, მაგრამ, პატარა ნანა აღარ და აღარ ჩანდა. „სადაა ეს ლენჩი!, რასაა რომ შვება ამდენ ხანს, “ - თვალებს აბრიალებდა დეიდა მერია, “არ გადაგვაყოლა? უჰ“, დასცდებოდა ბესო ბიძიასაც, ლია და მედიკო კი, ლამაზები ჩუმის ყელმოღერებით ისხდნენ და თვალებს ხაზგასმულად აფახულებდნენ. „ხომ არ დაეძინა მაგ ლენჩ – მაკვარანცხს... მიდი და ნახე ერთი ბიჭო...“ პატარა ზურიკომაშინვე ყოჩაღად გაეშურებოდა კარისაკენ, მარჯვედ გამოაღებდა, თვქალს მიეფარებოდა და, ვალმოხდილი, ამაყად გამოდიოდა მერე: „მოდის“. „ ვითომ, ვითომ?.. ნამდვილად?... მართალს ამბობენ, ბიჭო?“ პატარა ზურიკო კი თვალს მოავლებდა ყველას, შინაურებში იყო, ამბობდა: „მამას გეფიცებით“. დეიდა მერიას თვალები ძალიან მოუწყლიანდებოდა, მაგრამ უეცრად შვებით წამოიძახებდა: „აუჰ, აუჰ, ძლივს არ დაგვადგა საშველი? ბეჩა!...“ მაგრამ პატარა ნანას, აბადა ვინაა თქვენი ბოთეო, ისეთი ფერის ფანქარი მოჰქონდა რომ, საყოველთაო აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა: „შე ბრმა, ბრმა... ვის გაუგია ლურჯი ფერის... რაა რომ მოგიტანია ეს!,“ „რაშია ნეტავ საქმე, - უკვირდა წელატკიებულ მონადირეს, - ხურშე გუბალბალამ.“ „რაა რომაა ეს!.. სად გაგიგია ლურჯი სალამური შენ!,“ „ეს რა ხალხში მაქვს საქმე“ - უწყინრად გაიფიქრებდა ვახტანგ ბიძია, გამოცხადებით კი ასე გამოაცხადებდა: „ჩქარათ თორემ, გადამივლის აღმაფრენა,“ და: „ მიდი ზურიკო ისევ შენ, მიდი!, არავინაა შენისთანა კაი ჩვენში!, მიდი ზურიკო, მიდი!, “ „ მივიდეს რა, “ - ამბობდა ნანა, დაბალ სკამზე ჯდებოდა და ფეხს ფეხზე გადაიკვანტილებდა, გაყოჩაღებული ზურიკო კი ლია-მედიკოს იმდენად გრძელი და ნაზად აპრეხილი წამწამების, ზედ ორი ცალი სიგარეტი ჩამოუვარდნელად რომ დაეტეოდა, იმ წამწამების ასე მეოთხე-მეხუთე შეტყუპაზე მსწრაფლ მობრუნდებოდა და ფიცხი დეიდა მერია ყვითელ ფანქარს გზაშივე რომ გამოსტაცებდა და ვახტანგ ბიძიას შეაჩეჩებდა, გაკვერვებული მონადირე გაიფიქრებდა: „ეს რა საკრავია... რა საკრავია ეს,“ რა ხმა უნდა გამოეცა ამ ერთი ბეწო ყვითელ ფანქარს, საკრავიაო?, ჰეჰ, საკრავი აბა მართლაც ის იყო, გამოუწვავი თიხის კედელზე თუმც ჩუმად კი რომ მიეყუდებინათ, მაგრამ, მდუმარიც, დაგუბებულ რისხვას იკვროდა, ის ღონიერი საკრავი, ბრძენი ნინსუნას, გილგამეშის მაღალი დედის მორიგ წინასწარმეტყველებისთანავე თავისივით რომ იშმუშნებოდა, ჭიდილის გზაზედ დამდშარი გილგამეში კი, ნინსუნას სხივით ძალმიცემული, გალავნიანი ურუქის ზღუდეზე განდგამდაფეხებს, და თავის საკრავს, ვეება ბუკს ცას მიაბჯენდა, ყველაზე დიდი ფილტვები ჰქონდა გილგაშემს, მეფეს, და ურუქულ ჰაერს ისე ძალუმად შეისუნთქვამდა, მრავალქალ ნაგები თითებიც კი ებერებოდა, და.

გაგრძელება...

Coin Marketplace

STEEM 0.30
TRX 0.12
JST 0.033
BTC 64093.86
ETH 3123.80
USDT 1.00
SBD 3.94